რამაზ ზოიძემ პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა

რამაზ ზოიძემ პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა
პარიზის XXXIII ოლიმპიური თამაშებისთვის საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს ლიცენზიანტი შეემატა. ბოლო სალიცენზიო ტურნირზე, რომელსაც სტამბოლი მასპინძლობს, ოლიმპიური საგზური მოიპოვა რამაზ ზოიძემ, რომელსაც მიზნის მისაღწევად მხოლოდ ტურნირის ფინალში გასვლა მოეთხოვებოდა.
პარიზის საგზურებისთვის ბრძოლას საქართველოს ნაკრები ხუთ – 60, 67, 77, 87 და 130 კილოგრამ წონით კატეგორიაში შეუდგა.
პირველმა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩააბარა მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანმა რამაზ ზოიძემ (67 კგ). ქართველმა ფალავანმა ოლიმპიური ლიცენზიის მოსაპოვებლად მოუგო ნეიტრალური ქვეყნის წარმომადგენელს, შვედ და ყაზახ მეტოქეებს, ნახევარფინალში
კი ჩინელი ლეი ლი სუფთად დაამარცხა და მისთვის მეორე ოლიმპიური საგზური დაისაკუთრა.
ოლიმპიური საგზურისკენ მიმავალ გზა გაირთულა იური ლომაძემ (77 კგ), რომელმაც ნახევარფინალამდე სამი შეხვედრა ჩაატარა. იოლი გამარჯვებები მოიპოვა დანიელ, ინდოელ და სერბ მოწინააღმდეგეებთან, მაგრამ სამწუხაროდ,მომდევნო შეხვედრაში ნეიტრალური ქვეყნის () წარმომადგენელ სერგეი კუტუზოვთან 2-5 დამარცხდა.
ევროპის ჩემპიონატების ვერცხლის და ბრინჯაოს მედლის მფლობელს ერთი შანსიც რჩება. საამისოდ 10 მაისს, ჯერ მესამე ადგილის დაკავებაა აუცილებელი, შემდეგ კი ასევე მეორე მესამეადგილოსანთან გამარჯვება.
ასეთივე გზა გაიარა ლაშა გობაძემ (87 კგ). მსოფლიო ჩემპიონატების ოქროს და ორი ბრინჯაოს მედლის მფლობელმა ფინალისკენ მიმავალ გზაზე დაამარცხა კუბელი, სომეხი და ნიდერლანდელი მეტოქეები, ნახევარფინალში კი აზერბაიჯანელ რაფიგ ჰუსეინოვს შეხვდა და 1-4 წააგო, თუმცა მასაც, როგორც ლომაძეს, მესამე ადგილისთვის შეხვედრის შესაძლებლობა მიეცემა. მოგების შემთხვევაში გობაძეს კიდევ ერთი შეხვედრა მოუწევს, სადაც გამოვლინდება წონის ბოლო ლიცენზიანტი.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს ორი ლიცენზიანტი ჰყავს – რამაზ ზოიძე (67 კგ) და რობერტ კობლიაშვილი (97 კგ).
სამწუხაროდ, დღესვე, სტამბოლის სალიცენზიო ტურნირს ადრეულ ეტაპებზე გამოეთიშნენ ფრიდონ აბულაძე (60 კგ) და იაკობ ქაჯაია (130 კგ).
ცნობისთვის, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ექვსიდან ოთხ – 67, 87, 97 და 130 კილოგრამ წონით კატეგორიაში იყო წარმოდგენილი.
წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი