რაისის დაღუპვის შემდეგ, ირანში მიმდინარეობს პრეზიდენტობის კანდიდატთა რეგისტრაცია
ირანში 28 ივნისს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ამ ეტაპისთვის რეგისტრირებულია ცხრა კანდიდატი - მათ შორის მკაცრი კონსერვატორი ფიგურა და ზომიერი შეხედულებების პოლიტიკოსი, რომელსაც 2021 წელს აეკრძალა არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობა.
რეგისტრაციის ხუთდღიანი პერიოდი 30 მაისს დაიწყო და 3 ივნისს დასრულდება. კანდიდატთა საბოლოო სია - რომელიც კონსერვატორთა ხელმძღვანელობით მოქმედმა ზედამხედველთა საბჭომ უნდა დაამტკიცოს - გამოქვეყნდება 11 ივნისს.
ვადამდელი არჩევნების ჩატარების საჭიროება გამოიწვია 19 მაისს მომხდარმა ვერტმფრენის კატასტროფამ, რომელსაც შეეწირა პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი, კიდევ შვიდ პირთან, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანთან ერთად.
ირანის სახელმწიფო მედიის თანახმად, 30 მაისს რეგისტრაცია გაიარა ბირთვულ საკითხებში ირანის ყოფილმა წარმომადგენელმა, საედ ჯალილიმ - მკაცრმა კონსერვატორმა, რომელიც დაახლოებული პირია უზენაეს ლიდერთან, აიათოლა ალი ხამენეისთან.
კიდევ ერთი ცნობილი ფიგურა, რომელმაც რეგისტრაცია გაიარა, არის ალი ლარიჯანი - ყოფილი პარლამენტის სპიკერი და ბირთვულ საკითხებში ქვეყნის წარმომადგენელი, ზომიერი პოლიტიკური შეხედულებების მქონე პოლიტიკოსი, რომელსაც 2021 წელს ზედამხედველთა საბჭომ არ მისცა არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის უფლება.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.