რაზე ისაუბრა ო'ბრაიენმა პრესკონფერენციაზე?
დღეს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო'ბრაიენმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც რუსულ კანონსა და მისი მიღების პარალელურად ქართული ოცნების მიერ წარმართულ რიტორიკას შეეხო.
სახელმწიფო მდივნის თანაშემწის თქმით, თუ რუსულ კანონი არ შეიცვლება და ამჟამინდელი ფორმით იქნება მიღებული, პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციებს დააწესებენ. მან განმარტა, რომ არც ამჟამინდელი კანონპროექტის შინაარსი და არც მისი მიღების პროცესი ევროპულ ღირებულებებს არ ესადაგება.
„გულწრფელად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ არც პროცესი და არც რეალურად მიღებული კანონი არ ესადაგება სტანდარტებს და ვიმედოვნებთ, რომ მეტი დისკუსია გვექნება“. - თქვა ო’ბრაიენმა.
სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ თქვა, რომ პრობლემას ერთი მხრივ, კანონში კონკრეტული ორგანიზაციების გამოყოფა წარმოადგენს, რაც მათ სტიგმატიზაციას იწვევს. მეორე მხრივ, მისი თქმით, დასავლეთის კანონმდებლობისთვის ჩვეული პროცესის შებრუნება არის პრობლემა - რუსული კანონის მიხედვით, სახელმწიფოს ორგანიზაციების დაჯარიმება სასამართლოს ჩატარებამდე შეუძლია.
"კანონი არ არის საკმარისად ინკლუზიური, ეხება მხოლოდ საგარეო და, პრაქტიკაში მხოლოდ კონკრეტულ საგარეო წყაროებს, ესე იგი არ მოიცავს ყველა პრობლემას, რომლის მოცვაც არის განზრახული. შედეგი არის ის, რომ ხდება იმ ფიზიკური და იურიდიული პირების სტიგმატიზება, რომლებსაც კანონი მოიცავს. ეს ორგანიზაციები და ადამიანები საქართველოში ყველაზე გამჭვირვალეები არიან, რადგან თავიანთ დაფინანსების წყაროებზე საუბრობენ, მაგრამ ორგანიზაციები, რომლებიც ფარდებს მიღმა იმართებიან, რომლებსაც სავარაუდოდ არადასავლური ქვეყნები აფინანსებენ, მოცული არ იქნება". - თქვა ო'ბრაიენმა
ო’ბრაიენის თქმით, თუკი ქართული ოცნების მიერ წარდგენილი კანონი შეიცვლება და ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვა, მაშინ „ეს პარტნიორობას გააძლიერებს“, ხოლო ამ ფორმით კანონის დატოვებისა და აქციის მონაწილეების წინააღმდეგ დაშინებისა და ძალადობის გაგრძელების შემთხვევაში სანქციებს დააწესებენ მათზე, ვინც ამ მოვლენებზე არის პასუხისმგებელი.
"თუ დღეს რაც ვისაუბრეთ მოხდება და კანონი კარგად მოდიფიცირდება, ეს ჩვენს პარტნიორობას გაამყარებს ნაცვლად გარღვევისა, რისიც მეშინია, რომ ახლა ხდება. [...] "თუ კანონი შეუცვლელად იქნება მიღებული, EU-ს ნორმებთან შეუსაბამოდ, დემოკრატიულ ღირებულებებს გამოეთხრება ძირი და იქნება ძალადობა აქციის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ, მაშინ ვიხილავთ აშშ-ს მხრიდან აღნიშნულ ქმედებებზე პასუხისმგებელი პირებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ შეზღუდვების დაწესებას, რომლებიც ძირითადად ფინანსური და სამოგზაურო ხასიათის არის". - თქვა ო'ბრაიენმა.
ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, აქამდეც ძალიან ცხადად უთქვამს, რომ ამ ფორმით კანონის მიღების შემთხვევაში, ქართულ ოცნებას შედეგებთან ექნებოდა საქმე. ო’ბრაიენმა კობახიძის მიერ ამ განცხადების „ზეწოლად“ მოხსენიება გააკრიტიკა და თქვა, რომ საქართველოს მიერ ევროკავშირთან შესაბამისობის უარყოფა თავისივე კონსტიტუციის მიერ განსაზღვრული გზის მიტოვება იქნება.
“საქართველო ცდილობს, რომ EU-სა და ნატოში გაწევრიანდეს, ამ ორგანიზაციებს აქვთ გარკეული სტანდარტები და გარკვეული მსაჯები, რომლებიც ამბობენ, რა არის წესები, ხოლო ჩვენ უბრალოდ გვინდა, რომ საქართველომ ამ სტანდარტებთან შესაბამისობა განაგრძოს და არ გადაიხაროს“. - თქვა ო’ბრაიენმა
სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ასევე ქართული ოცნების ზოგადი რიტორიკა განიხილა და აღნიშნა, რომ „კანონი ფართო საუბრის მხოლოდ მცირე ნაწილია, რაც შეეხება ფართო საუბარს, ის ეხება ქართული ოცნების ლიდერების კომენტარებს“.
ო’ბრაიენმა გააკრიტიკა ქართული ოცნების კონსპიროლოგიური განცხადებები და მაგალითად მოიყვანა იდეა „გლობალური ომის პარტიის“ არსებობის შესახებ, რომელსაც საქართველომ ზურგი უნდა აქციოს და რომ არსებობს დასავლეთის შეთქმულება ქართული ოცნების ხელისუფლებიდან მოსაშორებლად. მან ხაზი გაუსვა, რომ დასავლეთი მმართველ პარტიასთან 12 წელია, რაც თანამშრომლობს და ხელისუფლების რიტორიკა „არარეალურად, არასწორად და საერთაშორისო საზოგადოების საქართველოსადმი დამოკიდებულების სრულიად აცდენილ გაგებად“ მოიხსენია.
"თითქოს Reddit-ის (რედ. სოციალური ქსელი, პოპულარულია ამერიკაში) გვერდი გაცოცხლდაო". - თქვა ო'ბრაიენმა სახელისუფლებო რიტორიკასთან დაკავშირებით.
ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ივანიშვილის შესახებ თქვა, რომ „შოკისმომგვრელი და იმედგამაცრუებელია, რომ ამდენად გავლენიანი ადამიანი ამდენად ცუდად არის ინფორმირებული“.
მისი თქმით, ივანიშვილის წინააღმდეგ „ამ ეტაპზე“ არანაირი სანქციები არ მოქმედებს, ხოლო კობახიძის მიერ მასსა და ივანიშვილს შორის ვიზიტზე არარსებული სანქციების გამო უარის თქმა არა მხოლოდ ინფორმირებულობის, არამედ კერძო ინტერესის სახელმწიფოებრივ ინტერესზე ზემოთ დაყენების პრობლემაზეც მიუთითებს.
"პრემიერმინისტრის მიერ თქმა, რომ ეს არის მიზეზი, რის გამოც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი ვერ შეხვდება ამ მოქალაქეს, შეიძლება შეფასებული იყოს, როგორც პირადი ინტერესების დაყენება უფრო მაღლა, ვიდრე ქვეყნის კონსტიტუციური მისწრაფებების, რომ იმუშაონ მეტად საერთაშორისო პარტნიორებთან და გაწევრიანდნენ ევროკავშირსა და NATO-ში". - თქვა ო'ბრაიენმა
ო’ბრაიენმა ასევე საქართველოსა და აშშ-ს შორის მჭიდრო და ხანგრძლივ პარტნიორობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ 1992 წლიდან დღემდე ამერიკულმა მხარემ საქართველო 6 მილიარდი დოლარით დააფინანსა. მისივე თქმით, ამ თანამშრომლობას განსაკუთრებით აფასებენ, რადგან საქართველოს ევროპული და ტრანსატლანტიკური გეზი აქვს დასახული და მისი გაგრძელება კვლავ სურთ.
„30 წელზე მეტი ხანია საქართველო აშშ-ს ძლიერი პარტნიორია და ვიმედოვნებთ, რომ ამ პარტნიორობას გავაგრძელებთ“. - თქვა ო’ბრაიენმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.