რადიო თავისუფლების პრეზიდენტი „აგენტების კანონის“ მიღებას ეხმაურება

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტი სტივენ კაპუსი ემხაურება საქართველოს პარლამენტის მიერ „აგენტების კანონის“ საბოლოოდ მიღებას. მისი შეფასებით საქართველოს ათი ათასობით მოქალაქე, რომელიც ქუჩაში აპროტესტებს ამ სახიფათო კანონმდებლობას, უსაფუძვლოდ არ უწოდებს მას „რუსულ კანონს“.
„მათ იციან, რომ ის კრემლის სახელმძღვანელოდანაა გადმოღებული, ემყარება მსგავს რუსულ კანონმდებლობას, შექმნილს გამოხატვის თავისუფლების ჩასახშობად, დემოკრატიული ღირებულებებისთვის ძირის გამოსათხრელად და წარმოადგენს ავტორიტარიზმისკენ გადახრას“, – ამბობს სტივენ კაპუსი.
მისი სიტყვებით რადიო თავისუფლების ქართული სამსახური კვლავინდებურად გააგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას მიუკერძოებლად.
„რადიო თავისუფლება, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ქართული სამსახური უკან არ დაიხევს და არ იტყვის უარს მისიაზე – უზრუნველყოს დამოუკიდებელი ინფორმაციის მიწოდება საქართველოსთვის. ათწლეულების განმავლობაში მილიონობით ქართველი ეყრდნობა რადიო თავისუფლებას, როგორც მიუკერძოებელი ინფორმაციის წყაროს და ჩვენ გავაგძელებთ მის უზრუნველყოფას, ახლა მეტად, ვიდრე ოდესმე. ჟურნალისტიკა დანაშაული არაა. #JournalismIsNotACrime”. – აცხადებს სტივენ კაპუსი.
28 მაისს, საქართველოს პარლამენტმა არ გაიზიარა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები და „აგენტების კანონზე“ დადებული ვეტო დაძლია.
„აგენტების კანონი“ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად აცხადებს იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული. ისინი სპეციალურ რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ და ყოველწლიურად შეავსონ საფინანსო დეკლარაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველ ჯერზე 25 ათასი ლარით დაჯარიმდებიან. კანონი ეხება მათ შორის – რადიო თავისუფლებასაც.
საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. აგენტების კანონის საბოლოოდ მიღების შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში 28 მაისის ბრიფინგი საქართველოს საკითხით გახსნა პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა.
მისი განცხადებით, მმართველი პარტიის ქმედებები და ანტი-დასავლური რიტორიკა საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ ტრაექტორიას, მომავალ ეკონომიკურ უსაფრთხოებას, ევროკავშირის წევრობას და ასევე, რისკის ქვეშ აყენებს აშშ-საქართველოს ურთიერთობას.
ე.წ. აგენტების კანონის საბოლოოდ მიღებას საერთო განცხადებით გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი და ევროკომისიაც, მათ განცხადებაში ნათქვამია, რომ საპასუხოდ, ევროკავშირი და წევრი სახელმწიფოები ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავენ.
მანამდე არაერთხელ ითქვა, რომ კანონი ააცდენს საქართველოს, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირში გაწევრიანების გზას და ის არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მათთვის სანქციებზე საუბარი “არასერიოზულია”.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: გია ბარამიძეს აკავებენ 50 წელს გადაცილებული სამზარეულოში სპორტულებით მჯდომი, ნაკლებად დასაქმებული, საეჭვო განათლების მქონე მაგრამ უბანში “ჯიგარი” კაცის სახელის მქონე სადღაც ათასიდან ხუთიათასამდე ქოცის გულის მოსაფხანად

ზურაბ ჯაფარიძე: გიორგი ბარამიძის დაკავება სამშობლოს ღალატის ბრალდებით იმ რეჟიმის მიერ, ვინც ოკუპანტს ბოდიშს უხდის და ქვეყანა იზოლაციაში მოაქცია, არის ჩვეულებრივი რუსული, თავხედური ცინიზმი

ირაკლი ფავლენიშვილი გიორგი ბარამიძის დაკავებაზე – ახლა ჩვენ გვყავს პოლიტიკური პატიმარი, რომელიც მისი სიტყვების საკუთარი ინტერპრეტაციის გამო დაიჭირეს, რომელიც საჯაროდ აქვს უარყოფილი