ჟურნალისტური გამოძიება: ივანიშვილის ოჯახმა მოსკოვში ქონება ბოლო წლებში შეიძინა
მმართველი პარტიის დამფუძნებელისა და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ოჯახი მოსკოვში ქონებას ფლობს, მათ შორის ნაწილი ბოლო წლებში შეიძინა. ამის შესახებ საუბარია რამდენიმე მედიასაშუალებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივად მომზადებულ მასალაში - სტატიაზე „აი, ფაქტი“, OCCRP, iStories (რუსეთი), GMC , „სტუდია მონიტორი“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მუშაობდნენ.
„ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა 2012 წლის შემდეგაც განაგრძო რუსეთში უძრავი ქონების გაფართოება. ოჯახის უახლესი შენაძენი 2024 წლით თარიღდება. ოლიგარქის მეუღლემ, ეკატერინე ხვედელიძემ, მიმდინარე წლის 19 აპრილს 4500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი შეიძინა. მანამდე კი, 2021 წლის 28 სექტემბერს ხვედელიძემ რუსეთში კიდევ რამდენიმე უძრავი ქონება დაირეგისტრირა“, - წერია მასალაში.
აქვე აღნიშნულია, რომ ივანიშვილის ოჯახი საცხოვრებელ სახლსა და სამ მიწის ნაკვეთს მოსკოვთან ახლოს, „პერედელკინოს“ ელიტურ აგარაკებთან ფლობს - მათივე ცნობით, ამ ადგილას, უძრავი ქონების საშუალო ღირებულება 14 მილიონ აშშ დოლარზე მეტია.
გამომძიებელი ჟურნალისტები ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის ცოლის ეკატერინა ხვედელიძის და შვილის - უტა ივანიშვილის სახლებს კომპანია „აკვა-სფეისი“ აქირავებს, შემოსავალი კი სანქცირებული რუსული ბანკის, „ვი-თი-ბის“ გავლით ერიცხებათ: 2023 წლის იანვრიდან რუსეთის მოქალაქე ანდრეი პერშინი ქირაში, თითქმის ყოველთვიურად, 800 000 რუბლს (დაახლოებით 9000 აშშ დოლარი) კომპანია „აკვა-სფეისის“ ანგარიშზე რიცხავდა (ქირა, მინიმუმ, 2024 წლის მაისის ჩათვლით გრძელდებოდა და ხვედელიძეს, დაახლოებით, 94 000 აშშ დოლარი ჩაერიცხა).
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.