პუბლიკა: ბერლინალეზე კინოცენტრის დელეგაციაშია სულთანიშვილი, ოდიშარია, POSTV-ის ჟურნალისტი
ბერლინის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალის კინო-ბაზრობაზე (EFM) კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული ეროვნული კინოცენტრის სტენდს წელს უპრეცედენტო რაოდენობის - 32-წევრიანი დელეგაცია წარადგენს - ინფორმაციას პუბლიკა ავრცელებს და აქვეყნებს მოპოვებულ სიას, თუ ვინ იქნებიან ოფიციალური წარმომადგენლები.
პუბლიკა EFM-ის ვებგვერდზე დაყრდნობით წერს, რომ ოფიციალური წარმომადგენლების სიაში პროპაგანდისტული არხის, POSTV-ის წამყვანი გური სულთანიშვილი და არხის ჟურნალისტი სალომე გობრონიძე არიან.
ამასთან, ოფიციალური წარმომადგენლების სიაში არიან თავად კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კობა ხუბუნაიაც, კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი და პროპაგანდისტული POSTV-ის წამყვანი ბაჩო ოდიშარია.
პუბლიკა წერს, რომ კინოცენტრის დელეგაციის 32 წევრიდან 11, მათ შორის გური სულთანიშვილიც, კინოექსპორტის სპეციალისტად/მენეჯერადაა გაფორმებული. რაც შეეხება ჟურნალისტ სალომე გობრონიძეს - მას კინოცენტრი გზავნის, როგორც პიარის დეპარტამენტის თანამშრომელს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.