"პროფესიული განათლება და Erasmus+ პროგრამები" - საქართველოსა და ლატვიის საპარლამენტო კომიტეტებმა თანამშრომლობის კომუნიკეს მოაწერეს ხელი
საქართველოს პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტისა და ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის (საეიმას) განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საქართველოსა და ლატვიას შორის განათლების მიმართულებით ორმხირივი თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პროფესიული განათლებისა მიმართულებით თანამშრომლობასა და Erasmus+ - ის პროგრამაზე.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი, სამინისტროსა და საქართველოში ლატვიის საელჩოს წარმომადგენლები.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის ერთობლივ კომუნიკეს.
„ხელი მოვაწერეთ ერთობლივ კომუნიკეს, რომლითაც კომიტეტები გააგრძელებენ აქტიურ თანამშრომლობას განათლებისა და მეცნიერების სფეროში. ვიმედოვნებთ, რომ ერთობლივი ღონისძიებების შედეგად კიდევ უფრო ინტენსიური გახდება და გააქტიურდება თანამშრომლობა, რომელიც უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებს, სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შესაძლებლობას მისცემს მეტ გაცვლით პროგრამაში და ერთობლივ პროექტებში მიიღონ მონაწილეობა“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.