პროკურორი – ყველა გარემოება, რასაც ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილს ვედავებით, მოწმის ჩვენებამ ცალსახად დაადასტურა

ყველა გარემოება, რასაც ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილს ვედავებით, მოწმის ჩვენებამ ცალსახად დაადასტურა, – ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ განაცხადა.
მან ასევე განმარტა, თუ რატომ დაიხურა დღეს სხდომა ორი მოწმის, „ქართუ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ნატო ხაინდრავასა და მისი ყოფილი მოადგილის, დავით გალუაშვილის ნაწილში.
კითხვაზე, მოხდება თუ არა საქმეში დაზარალებულის სტატუსის მქონე ბიძინა ივანიშვილის დაკითხვის დროსაც სხდომის დახურვა, პროკურორმა განაცხადა, რომ „წინმსწრებად პოზიციას ვერ დააფიქსირებს“.
„სამართლებრივად ეს გაწერილია, სხდომის დახურვა ნაწილობრივ მოხდა, ყველა დახურვას სამართლებრივი საფუძველი აქვს, ის ინდივიდუალურად განიხილება, რომელზეც პოზიციას წინმსწრებად ვერ დავაფიქსირებ“,- განაცხადა სადრაძემ.
მისივე თქმით, ხაინდრავამ საქმისათვის მნიშვნელოვანი ჩვენება მისცა.
„ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულება იყო ეს. ბუნებრივია, სამართლებრივი თავისებურებიდან გამომდინარე, ამ გარემოებაზე ყურადღებას ვერ გავამახვილებ, რადგან სხდომა დახურული იყო. თუმცა, მთავარია შემდეგი, რომ ყველა გარემოება, რასაც ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილს ვედავებით, მოწმის ჩვენებამ ცალსახად დაადასტურა, არამხოლოდ ჩვენებების და განმარტებების კონტექსტში, არამედ დოკუმენტებზე მითითებებით. აქედან გამომდინარე მისი ჩვენება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მან ყველა შემხვედრი პოზიცია გააბათილა, რომელიც შეიძლება ბრალდებულს გააჩნდეს“, – განაცხადა სადრაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მამულაშვილი – ლეგიონში სპეციფიკა შეცვლილია დრონებით და ძირითადი ნაწილი ამ მიმართულებაზე არის გადასული – რუსეთის ზურგშიც იქნება დარტყმები მოსკოვშიც და „წითელ მოედანზეც“ – ჩემი აზრით, თავდაცვის სამინისტროც ლეგიტიმური სამიზნეა