საქმის მტკიცებულებების თანახმად, შევიწროებასთან დაკავშირებით ნია იმნაძემ ინფორმაცია მიაწოდა მშობლებს, კლასის დამრიგებელს ლაურა დუგლიჩიძეს, ასევე, ალექსანდრე გაბაშვილს, რომელიც დანაშაულის მთავარი ორგანიზატორია, – ამის შესახებ პროკურორმა ქეთევან სონიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პროკურორმა ჟურნალისტებთან აღნიშნა ისიც, რომ ვერაფერს იტყვის, თუ რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია რეალობას, რადგან “არ არის მტკიცებულებები იმისა, რომ ვინმემ ვინმე შეავიწროვა“.
ქეთევან სონიძის განცხადებითვე, ნია იმნაძემ ამ ინფორმაციის მიწოდებით ალექსანდრე გაბაშვილი დანაშაულის ჩადენაში წააქეზა.
“ჩვენ წაქეზებას შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით ვამტკიცებთ – უნდა გავითვალისწინოთ, ვინ არის მსჯავრდადებული ალექსანდრე გაბაშვილი, მისი წარსული ისტორია და მისი პიროვნება. ეს არის ე.წ. პედოფილებთან მებრძოლი პირი. მას ბრალდება ამ კვალიფიკაციითაც ედებოდა და ამაშიც გამამტყუნებელი განაჩენი დადგა – საუბარია დიღმის ძალადობების ნაწილზე. ზოგადად, ის ებრძვის ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც შეიძლება გარკვეული ხასიათის ინტერესი ჰქონდეს არასრულწლოვანთა მიმართ. ადამიანს, რომელსაც ასეთი წარსული გამოცდილება ჰქონდა და ასეთი პიროვნებების გამოვლენაზე ისედაც ნადირობდა, ასეთი ადამიანისთვის ინფორმაციის მიწოდება, რომ მას მასწავლებელი სექსუალურად ავიწროებდა, ეს ფაქტობრივად წაქეზება იყო“, – განაცხადა პროკურორმა.




