პროკურორის განცხადებით, გრიგოლ ლილუაშვილი ბრალად წარდგენილ არცერთ ეპიზოდს არ აღიარებს და შესაბამისად, მას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე პროკურატურისთვის არ მიუმართავს

პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი ბრალად წარდგენილ არცერთ ეპიზოდს არ აღიარებს და შესაბამისად, მას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე პროკურატურისთვის არ მიუმართავს.

როგორც სასამართლო სხდომის დაწყებამდე პროკურორმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ პროცესზე გრიგოლ ლილუაშვილის ბრალდების საქმეზე პროკურატურა მტკიცებულებების გამოკვლევას დაასრულებს. მარიამ ბერძენიშვილის თქმით, გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ დასტურდება, რომ მან ნამდვილად ჩაიდინა ბრალად წარდგენილი ოთხივე ეპიზოდი.

„რაც შეეხება საპროცესო შეთანხმებას, ბრალდების მხარე ყოველთვის, ნებისმიერ საქმეზე, ბუნებრივია, განიხილავს ბრალდებულის განცხადებას და სურვილიც თუ იქნება საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული. ამ შემთხვევაში, ბრალდებული გრიგოლ ლილუაშვილი არ აღიარებს ბრალად წარდგენილ არცერთ ეპიზოდს და შესაბამისად მას არც მიმართვა აქვს ამ მიმართულებით გაკეთებული“, – განაცხადა მარიამ ბერძენიშვილმა.

ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.