ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, არალეგალური ფულადი თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, ბრალდებულმა საქართველოში არსებულ ერთ-ერთ საბანკო დაწესებულებაში გახსნილ პირად ანგარიშებზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა განათავსა.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებული, დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ფინანსური დანაშაულებისთვის ძებნილმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ, მის ხელთ არსებული დაუსაბუთებელი და არალეგალური ფულადი თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, საქართველოში არსებულ ერთ-ერთ საბანკო დაწესებულებაში გახსნილ პირად ანგარიშებზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა განათავსა.
ბრალდებული თანხების წარმომავლობასთან დაკავშირებით, ბანკს უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ ყალბ ხელშეკრულებებს აწვდიდა, თითქოსდა, საზღვარგარეთ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების გასხვისება მოახდინა, ხოლო ნასყიდობის საფასური ნაღდი ანგარიშსწორებით ბათუმში მიიღო.
აღნიშნული გზით, ბრალდებულმა საბანკო დაწესებულებაში არსებულ მის პირად ანგარიშებზე 7 000 000 ლარზე მეტი თანხა განათავსა.
გამოძიების ეტაპზე ყადაღა დაედო ბრალდებულის საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ, არალეგალური წარმომავლობის თანხას, რითაც არ მიეცა მისი განკარგვის შესაძლებლობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს უკანონო შემოსავის ლეგალიზაციის ფაქტზე სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა საბანკო ანგარიშებზე განთავსებული დაუსაბუთებელი წარმომავლობის ფულადი თანხა 7 200 000 ლარის ოდენობით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.