პროკურატურა: სპეცრაზმელის მიერ ნაცემი კაცი გარდაიცვალა, რის გამოც ბრალდება დამძიმდა
29 ივლისს, სავარაუდოდ სპეცრაზმელის მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში ნაცემი კაცი გუშინ, 11 აგვისტოს, სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა.
პროკურატურამ ბრალდებულს ბრალდება კიდევ ერთხელ დაუმძიმა.
თავდაპირველად დაკავებულ სპეცრაზმელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. კიდევ ერთ ადამიანს, რომელიც ასევე ფიგურირებს საქმეში და უწყება ამ დრომდე ეძებს, დაუსწრებლად წარუდგინეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.
მოგვიანებით, უწყებამ წარდგენილი ბრალდებები დააზუსტა და ორივე მათგანს ბრალი 117-ე მუხლის ლ ქვეპუნქტით განუსაზღვრა – ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება.
ნაცემი კაცის გარდაცვალების შემდეგ მათ ბრალი ამავე მუხლის მე-4 ნაწილამდე დაუმძიმდათ, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. საბოლოოდ წარდგენილი მუხლი 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ 29 ივლისს, სოფელ ატენში, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორმა დ.რ-მ და ი.ბ.-მ ჯგუფურად, დაზარალებულს თავისა და სხეულის არეში ჯანმრთელობის მძიმე, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენეს, რის შედეგად დაზარალებული 11 აგვისტოს გარდაიცვალა”, – ვკითხულობთ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური აგრძელებს საქმეზე მუშაობას.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.