პროკურატურა - სამტრედიაში, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მამაკაცი ჯერ სცემეს, შემდეგ ცოლის ძმამ დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა - გარდაცვლილის მეუღლემ არჩადენილი დანაშაული დაიბრალა
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სამტრედიაში, 2 აპრილს, ახალგაზრდა კაცი არა მეუღლემ, არამედ, მისმა ცოლისძმამ მოკლა.
უწყების ცნობით, გარდაცვლილის მეუღლემ არჩადენილი დანაშაული დაიბრალა.
„საქართველოს პროკურატურამ სამტრედიაში, დამამძიმებელ გარემოებებში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ჯგუფური ძალადობის და ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტებზე, გამოძიებით დადგენილი ახალი გარემოებების და მტკიცებულებების საფუძველზე, 4 პირს ბრალდება წარუდგინა და 1 პირს ბრალდება დაუზუსტა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიების ფარგლებში, პირველ ეტაპზე ბრალდება ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობისთვის მოკლული მამაკაცის მეუღლეს წარედგინა, თუმცა გამოძიების მიერ მოპოვებული ახალი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2 აპრილს, სამტრედიაში, საკუთარ სახლში, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე დაზარალებული სამმა პირმა, კერძოდ მეუღლის ძმებმა და ნათესავმა სცემეს. აღნიშნულის შესახებ ნაცემი მამაკაცი სამართალდამცავი ორგანოებისთვის შეტყობინებას აპირებდა, რის გამოც მეუღლის ძმამ მას მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე მყოფმა კიდევ ორმა პირმა, მათ შორის მოკლულის მეუღლემ მომხდარის თაობაზე გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიწოდეს. გარდაცვლილის მეუღლემ პირველ ჩვენებაში მის მიერ არჩადენილი დანაშაული - მეუღლის მკვლელობა დაიბრალა და თავად აღიარა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.