პროკურატურა ელისაშვილის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს

თბილისის საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზე განიხილება „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის საქმე. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვს – პოლიტიკოსი 6 დეკემბრის შემდეგ პატიმრობაშია, უწყებას უნდა მისთვის გირაოს შეფარდება.
ინფორმაცია თავდაპირველად „ინტერპრესნიუსმა“ გაავრცელა, რადიო თავისუფლებას კი პროკურატურის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
ელისაშვილი 4 დეკემბერს თავისუფლების მოედანზე, ოპოზიციონერების შეხვედრის პარალელურად „ქორთიარდ მერიოტის“ მიმდებარედ მომხდარი შელაპარაკებისას დააკავეს მოჭიდავე, მსოფლიო ჩემპიონ ზურაბ დათუნაშვილთან ერთად. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ელისაშვილი არა ამ ფაქტზე, არამედ „ქართული ოცნების“ წევრზე, ალი ბაბაევზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.
პროსახელისუფლებო მედიამ მალევე გაავრცელა ქუჩის სათვალთვალო კამერებით გადაღებული კადრები, რომლებზეც ელისაშვილისა და ბაბაევის დაპირისპირებაა ასახული.
სასამართლოზე ელისაშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ბაბაევმა მას შეურაცხყოფა მიაყენა, ფიზიკური დაპირისპირებისას კი ეცადა ელისაშვილისთვის რკინის ჯოხის ჩარტყმასაც, რასაც, ადვოკატებისვე თქმით, თავად ბაბაევიც ადასტურებს. ელისაშვილი დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
ალეკო ელისაშვილს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (ძალადობის გამოყენებით ჩადენილი დევნა), რომელიც სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ელისაშვილს 6 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე სახეზე დაზიანებები აღენიშნებოდა. მას იმ დღეს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: ვინც რუსების ფსევდო ერთმორწმუნეობაზე და რუსოფობიაზე ბევრს ლაპარაკობთ და მათზე ლოცვით მუხლებს იტყავებთ, რამდენად ხართ მზად, თქვენი შვილები რუსებმა თავის დამპყრობლურ ომებში გაირეკონ?

ირაკლი აბესაძე: ტრამპ თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში