პროკურატურამ სამოქალაქო აქტივისტ ნინო დათაშვილს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის მიმართ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა,- ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 9 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მანდატურმა ბრალდებულს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა, რასაც ის არ დაემორჩილა და მანდატურებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. შემდეგ კი თავს დაესხა ერთ-ერთ მანდატურს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
სამართალდამცავებმა ბრალდებული 20 ივნისს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით (საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმა მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.