პროკურატურამ ელენე ხოშტარიას ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე ელენე ხოშტარიას ბრალდება წარუდგინა.
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, თბილისში, ბრალდებულმა განზრახ დააზიანა პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო შტაბზე განთავსებული სამი ბანერი, რამაც გამოიწვია ქონებრივი ზიანი 570 ლარის ოდენობით.
„პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – აცხადებენ უწყებაში.
ცნობისთვის, სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია მიმდინარე წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: ტრამპ თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში