პრეზიდენტი - ეს არჩევნები ერთგავრად იქნება: "ევროპა, თუ არა ევროპა“ - ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ
ამ არჩევნების ირგვლივ იმ შავბნელი ძალების სასწაული ბრძოლა იქნება, რომლებსაც არ სურთ არც საქართველოს დამოუკიდებლობა, არც საქართველოს სუვერენობა, არც საქართველოს ევროპულობა, - ამის შესახებ საქართველოს პრეიზდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებაზე განაცხადა.
მისი თქმით, ოქტომბრის არჩევნები იქნება: "ევროპა თუ არა ევროპა".
ღონისძიებაზე მოწვეულ ახალგაზრდებსა და სტუდენტებს პრეზიდენტმა მიმართა, რომ უნდა იყვნენ მობილიზებული.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ, ამასთან არაფრის უნდა გვეშინოდეს.
"19 თებერვლიდან 25 თებერვლამდე ვნების კვირაა და უცნაურია, რომ 25 თებერვალი სწორედ პარასკევია. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავამარცხეთ 25 თებერვალი და დავამარცხეთ იმით, რომ დღეს საქართველო არის არა მხოლოდ დამოუკიდებელი, არა მხოლოდ სუვერენული ქვეყანა, არამედ უკვე ევროკავშირის კანდიდატი. და ეს ალბათ ყველაზე დიდი გამარჯვებაა, მაგრამ არ დაიჯეროთ, რომ ასეთი გამარჯვებები არ იწვევს თავის რეაქციებსა და სხვა, ახალ მცდელობებს, ამიტომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვახსოვდეს 25 თებერვალი, გვახსოვდეს რა ძალები გვებრძოდნენ მაშინ და რა ძალები გვებრძვიან დღეს.
მთავარი, რაც მინდა გითხრათ: - უნდა იყოთ მობილიზებულნი. ეს თქვენი ქვეყანაა, თქვენი მომავალი და თქვენი სახელმწიფო. უნდა იყოთ მობილიზებულნი და ფხიზლად და რაც მთავარია, უნდა აკეთოთ თქვენი საქმე. მაგრამ ხალხის მობილიზაცია, ახალგაზრდების მობილიზაცია არის ის, რასაც რეალურად შეუძლია დაამარცხოს ყველა სხვა მცდელობა, რაც შეიძლება იყოს. მზად უნდა ვიყოთ, მაგრამ არაფრის არ უნდა გვეშინოდეს! ", - განაცხადა პრეზიდენტმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.