პრეზიდენტი ახალგაზრდებს: თქვენ ხართ ამ ქვეყანაში მთავარი ძალა, ევროკომისიის გადაწყვეტილებაში დიდი წვლილი მიგიძღვით

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 22 ნოემბერს, ორბელიანების სასახლეში, ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სტუდენტებს უმასპინძლა, რომლებიც ხელმოწერების კამპანიას ,,ჩვენი ხმა ევროპას“ შეუერთდნენ.
პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ახალგაზრდებს უთხრა, რომ ისინი წარმოადგენენ ქვეყანაში მთავარ ძალას და დასძინა, რომ მარტის აქციებში მათი მონაწილეობა, ევროპიდან საქართველოში დანახული ევროპული დროშები და ის „დიდი თავისუფლების ტალღა“ გახდა 8 ნოემბერს ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების საბაბი.
„თქვენ ხართ ამ ქვეყანაში მთავარი ძალა და თქვენ უნდა გადაწყვიტოთ როგორი მომავალი გინდათ. გინდათ, რომ ჩვენს ქვეყანას ევროკავშირის წევრი ქვეყნების მსგავსი მომავალი ჰქონდეთ. ეს არ ნიშნავს, რომ იქ ყველა პრობლემა გადაწყვეტილია, რომ ეს არის რაღაცნაირი სამოთხე. ცხადია, ევროპაშიც ბევრი პრობლემაა, ძალიან ბევრი გადაუწყვეტელი საკითხი, მაგრამ ჩვენ ქვეყანას სხვა ალტერნატივა არ გააჩნია, თუ არა ის, რომ იყოს იმ ოჯახში, რომელიც თავისუფალი ქვეყნების, თავისუფალი საზოგადოებების ერთობაა და ვიყოთ იქ, სადაც რეალურად ვიქნებით დაცული ჩვენი პარტნიორების მიერ. ეს ჩვენთვის უალტერნატივოა! სადაც ჩვენ ვართ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებით, ჩვენ სხვა პერსპექტივა არ გაგვაჩნია!
მე ვიტყოდი, რომ გადაწყვეტილებაში, რომელიც კომისიის მიერ იყო მიღებული, თქვენი დიდი წვლილია. არ მინდა ახლა დავიწყო ვის რა წილი ეკუთვნის ამ გადაწყვეტილებაში. რომ არა 8 მარტის გამოსვლები, რომ არა ევროპიდან საქართველოში დანახული ევროპული დროშები და რომ არა ეს დიდი თავისუფლების ტალღა, ალბათ, შეიძლება ცოტა დაფიქრდებოდნენ, არ მიიღებდნენ ამ გადაწყვეტილებას. ამიტომ დიდი მადლობა თქვენი წვლილისათვის, მაგრამ ეს ამით არ მთავრდება, თქვენი წვლილი და თქვენი გასაკეთებელი კიდევ ძალიან ბევრია“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მან ახალგაზრდებს ასევე მოუწოდა, რომ არ დაკარგონ იმედი და არ დატოვონ ქვეყანა. „ქვეყანას კიდევ ერთი შანსი მივცეთ!“ – უთხრა ზურაბიშვილმა ახალგაზრდებს და დასძინა, რომ ქვეყანას ისინი ძალიან სჭირდება.
„თუ თქვენ მხოლოდ იმაზე იფიქრებთ, როდის უნდა დატოვოთ ქვეყანა, დაკარგოთ იმედი და წახვიდეთ სხვაგან, მაშინ ეს საზოგადოება თვითონ იქნება უიმედო, რადგან საზოგადოება, რომელშიც ახალგაზრდებს თავიანთი მომავლის იმედი აღარ აქვთ, ის საზოგადოება ძალიან მძიმე დღეშია და ის თავის თავზე ვერაფერს აიღებს…
დამიჯერეთ, სხვაგან ყოველთვის უცხოელი და ნაკლებად დაფასებულნი იქნებით, ნაკლებად თქვენ ადგილას. ძალიან წარმატებული ადამიანებიც არიან, რომლებიც სადაც არ უნდა იყვნენ მსოფლიოში, იმ სიმაღლეზე არიან, რომელიც უკვე სხვა კატეგორიას განეკუთვნება და ყველას გისურვებთ, რომ მიაღწიოთ იმ მწვერვალებს, რომელსაც ზოგიერთმა სპორტსმენმა, მუსიკოსმა და შემოქმედმა მიაღწია, მაგრამ ეს ქვეყანა პატარა ქვეყანაა, ამ ქვეყანას ძალიან სჭირდებით, მოდით და ერთად ვცადოთ, რომ ამ ქვეყანას კიდევ ერთი შანსი მივცეთ!“, – თქვა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ახალგაზრდებთან მიმართვისას.