პრეზიდენტი ამბობს, რომ ვერ უკავშირდება შს მინისტრს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პოლიციას კიდევ ერთხელ მოუწოდებს რეაგირებისკენ. ზურაბიშვილი ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ ვერ უკავშირდება შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს.
„მინდა მივმართო შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელსაც ვერ ვუკავშირდები, სამწუხაროდ, ჩემი ადმინისტრაცია ვერ უკავშირდება მის მოადგილეს, ოფიციალური სამთავრობო ხაზიც არ მუშაობს და მინდა, რომ მას ვთხოვო და მოვუწოდო, რომ პოლიციის რეაგირება იყოს უფრო სწრაფი, უფრო ეფექტური, იმიტომ, რომ არ შეიძლება დავუშვათ, რომ იყოს ამ ტიპის დაძაბულობა ჩვენს საარჩევნო უბნებზე“, - თქვა მან.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ „ძალიან მაღალია აქტივობა და ეს არის ძალიან კარგი ნიშანი“.
დღეს, 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების გაშუქების დროს „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფს ტექნიკა დაუზიანეს. პრეზიდენტი ამბობს, რომ ჟურნალისტებს რთულ მდგომარეობაში უწევთ მუშაობა.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურსაც. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
არჩევნები 2024
26 ოქტომბერს, 08:00 საათზე საქართველოში დაიწყო ხმის მიცემა საპარლამენტო არჩევნებში, რომელშიც 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს.
საქართველოს ისტორიაში პირველად, ქვეყნის მოქალაქეები პარლამენტის 150 დეპუტატს მხოლოდ პროპორციული სისტემით ირჩევენ.
პარლამენტის მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%-ს მაინც.
ქვეყნის ისტორიაში პირველად ამომრჩეველთა თითქმის 90% ხმას ელექტრონული საშუალებების გამოყენებით აძლევს. ხმის უფლების მქონე მოქალაქე ბიულეტენზე მოცემული 18 პოლიტიკური პარტიიდან ირჩევს ერთს, რისთვისაც შესაბამისი პარტიის წინ არსებული წრის შიდა სივრცე უნდა გააფერადოს.
ე.წ. ძველი წესით, ანუ სასურველი ერთი პარტიის ნომრის შემოხაზვით ხმას აძლევს ამომრჩევლების 10%. ეს ბიულეტენები კენჭისყრის დასრულების შემდეგ გაციფრულდება.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.