პოლონეთის საელჩოს შემდეგ, საფრანგეთის საელჩოც აფრთხილებს საკუთარ მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველოში მოგზაურობა სურთ. მიზეზი იდენტურია: ქვეყანაში არშეშვების რისკები, მათ შორის აქციებში მონაწილეობა.
„საქართველოს ტერიტორიაზე შესვლაზე უარი შეიძლება უთხრან საქართველოს მოქმედი ბინადრობის ნებართვის მფლობელსაც კი“, – წერია საფრანგეთის საელჩოს მიერ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
საელჩო საქართველოში მოგზაურობის მსურველებს მოუწოდებს, „გამგზავრებამდე შეამოწმონ ის ფაქტორები, რომლებმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მათ საქართველოს ტერიტორიაზე შესვლას“.
ასეთ ფაქტორებს შორის საელჩო ასახელებს „საქართველოში საპროტესტო აქციებში მონაწილეობას“ და „სოციალურ მედიაში აქტიურობას“.
„[2024 წლის] 28 ნოემბრიდან თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში ყოველ დღე დემონსტრაციები იმართება, ხანდახან დიდი მასშტაბის“, – აღნიშნავს საელჩო და დასძენს, რომ ეს დემონსტრაციები „ხშირად დაპატიმრებებითა და სამართალდამცავების მიერ დაშლით სრულდება“.
დაზუსტებულია ისიც, რომ დემონსტრაციებში მონაწილეობა შეიძლება „მძიმე ჯარიმებით ისჯებოდეს“.
ამასთან, საფრანგეთის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს ურჩევს, რომ „თავი აარიდონ საზოგადოებრივ შეკრებებს“.
მანამდე, 29 მაისს დილას, ფეისბუკზე მსგავსი განცხადება გაავრცელა პოლონეთის საელჩომაც.
„საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის მრავალი შემთხვევის გამო, ამ ქვეყანაში გამგზავრებამდე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენს შემთხვევაში არსებობს თუ არა ფაქტორები, რომლებიც ზრდის ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის რისკს“, – წერია პოლონეთის საელჩოს განცხადებაში.
ასეთ ფაქტორებს შორის პოლონეთის საელჩოც ასახელებს, რომ „ეს შეიძლება მოიცავდეს დემონსტრაციებში მონაწილეობას ან მათ მახლობლად ყოფნას, ასევე სოციალურ მედიაში გარკვეულ აქტივობას“.
3 დღით ადრე, 26 მაისს, – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, – პოლონეთისა და საფრანგეთის ლიდერებმა, გერმანიასთან ერთად („ვაიმარის სამკუთხედის“ წევრებმა), გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც გამოხატეს ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა და დაგმეს საქართველოს ხელისუფლების ქმედებები, რომლებმაც დემოკრატიის უკუსვლა გამოიწვია.
„გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება დაცული უნდა იყოს. გადამეტებული ძალის გამოყენების შემთხვევები უნდა იყოს გამოძიებული. კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებს, უნდა შეიცვალოს და უნდა განახლდეს მეტად საჭირო რეფორმების პროცესი. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აღადგინოს დიალოგი ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან“, – წერია განცხადებაში.
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა ამ განცხადებას ქართველ ხალხზე „სამარცხვინო თავდასხმა“ უწოდეს.
ფორუმი




