Zdj. ilustracyjne / autor: Fratriaპოლონეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ქართულენოვანი განყოფილება გახსნა, რომელიც ხელმისაწვდომი “ბელსატსა” და Youtube-ზე იქნება.
“VT Sakartvelo News ლაივშია – ახალი ქართულენოვანი ახალი ამბების სამსახური პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის, TVP-ს მიერ. პროგრამა გაწვდით სანდო ინფორმაციას, ევროპულ პერსპექტივას და მხარს უჭერს რეგიონში დეზინფორმაციასთან ბრძოლის ძალისხმევას.” – წერს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე.
პოლონეთის საზმაუს ქართულენოვანი სამსახურის Youtube გვერდის აღწერის მიხედვით, “საქართველო NEWS” პოლონეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის ინტერნაციონალური სამაუწყებლო ცენტრის პროექტს წარმოადგენს.
ტელეარხი Vot Tak-ის ინფორმაციით, რომელიც ასევე პოლონური საზმაუს რუსულენოვანი პროექტია, პროგრამის პირველი გადაცემა 27 აპრილს შედგება და მომხმარებლებისთვის ახალი ეპიზოდები სატელიტით, Youtube-ითა და Facebook-ით იქნება ხელმისაწვდომი. პროგრამის წამყვანები ნათია კობერიძე, სოფიო ნაცვლიშვილი და რატი მუჯირი იქნებიან.
“ჩვენ ვქმნით განყოფილებებს, რომელთა მისიაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერა, რეგიონში სტაბილურობის გაძლიერება და რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლაა. ჩვენ არ ვირჩევთ მხარეს ჩვენი პროგრამებით დაფარული ქვეყნების პოლიტიკურ დაპირისპირებებში. ასეთ რთულ ვითარებაში სანდოობა, ინფორმაციის თავისუფლება და ობიექტურობა უდიდესი მნიშვნელობისაა,” განაცხადა VT-ს რედაქციის დირექტორმა, იური სალოდკიიმ.