პოლიციამ თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტზე სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე 3 პირი: 1995 წელს დაბადებული ვ.ა., 2004 წელს დაბადებული შ.მ. და წარსულში ნასამართლევი, 2005 წელს დაბადებული დ.გ. დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბასრი საგნის გამოყენებით, ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს 1980 წელს დაბადებულ გ.ჯ.-ს და დანაშაულის ადგილიდან მიმალვა სცადეს.
პოლიციამ დანაშაულში მონაწილე სამივე პირი ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.