პოლიციაზე ძალადობაში ბრალდებულ 6 პირს პატიმრობა შეუფარდეს

“აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე, პოლიციაზე ძალადობაში ბრალდებულ ექვს პირს პატიმრობა შეუფარდეს. მათგან ოთხის [ანდრეი რაუტბერგის, გიორგი შანიძის, ვაჟა დურგლიშვილისა და ფრიდონ ბუბუტეიშვილის] საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა განიხილა.
მანამდე, პატიმრობა შეუფარდეს გიორგი კუჭუაშვილსა და დავით კოლდარს. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძემ გამოაცხადა.
სხდომაზე დაცვის მხარემ მინიმუმ 5 ათასი ლარის ოდენობით გირაოს დაკისრება მოითხოვა, რაც არ დაკმაყოფილდა. პროკურორმა როინ ხინთიბიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ დავით კოლდარმა “აღიარა დანაშაული”.
“ვიდეოში ჩანს პირდაპირ, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა ისროლა გარკვეული საგანი, რომელიც მოხვდა პოლიციის თანამშრომელს”, – ამბობს ის.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციების ექვსი მონაწილე 8-9 მაისს დააკავა. ინფორმაცია ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა სულხან თამაზაშვილმა მიაწოდა საზოგადოებას. თამაზაშვილის თქმით, ყველა დაკავებულს ბრალი ედება სისხლის სამართლით გათვალისწინებულ დანაშაულებში, პოლიციელზე თავდასხმასა და სხვისი ნივთის დაზიანებაში.
იმის მიუხედავად, რომ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის, “ამნესტი ინტერნეიშენალის” შეფასებით, თბილისში გამართული აქციები მშვიდობიან ხასიათს ატარებს და პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა უკანონოა და ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ ირწმუნება, რომ იმ ხალხმრავალ აქციებზე, რომლებიც ძირითადად არაორგანიზებულად, სპონტანურად იმართება, “პოლიტიკური ლიდერები, აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები არაერთხელ გასცდნენ შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს.”
შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციების პარალელურად აწარმოებს გამოძიებას “საპროტესტო აქციებზე მოქალაქეების მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით” სისხლის სამართლის სამი მუხლით:
· 222-ე მუხლი (სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება);
· 225-ე მუხლი (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა);
· 226-ე მუხლი ( ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან, ან რომელმაც ტრანსპორტის, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება გამოიწვია.)

ასევე დაგაინტერესებთ

მერაბ მალანია – რაც ხდება, უსამართლობაა – ბევრი ტალახი მესროლეს, მაგრამ თმენის ვალდებულება მაქვს – ამბობენ, რომ დაგეგმვაში ვმონაწილეობდი, ვინაიდან ბავშვი მასწავლებელთან მივიყვანე და წამოვიყვანე, ეს არის ჩემი დანაშაული

გიორგი სიორიძე – 2026 წლის ივნისში პური 6,6%-ით, ზეთი 5,5%-ით, ხორცი 9,8%-ით, ხილი 8,7%-ით, ხოლო თევზეული 20,4%-ითაა გაძვირებული – თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფასების კომისიის და სუს-ის გამოძიების შედეგი არის სრული კრახი!