პლასტმასის შეფუთვების აკრძალვის შედეგად, ფასები მარკეტებში აუცილებლად გაიზრდება, – ამის შესახებ „კავკასფექის“ მმართველმა პარტნიორმა, ამირან ცერცვაძემ ლევან კობერიძის საავტორო გადაცემაში „ბრენდი საქართველო“ განაცხადა. როგორც ცერცვაძე ამბობს, მისი მრავალწლიანი გამოცდილებისა და ცოდნის გათვალისწინებით, პლასტიკის სრულად ჩანაცვლება დღემდე ვერ შეძლეს იმ ქვეყნებმაც კი, რომლებიც გარემოს დაცვის მიმართულებით ლიდერებად მიიჩნევიან, ამიტომ მთავარი გამოსავალი პლასტიკის გადამუშავებისა და გარემოზე მისი ზემოქმედების შემცირების ეფექტიანი სისტემების განვითარებაა.„პლასტიკებზე ალტერნატივა რომ ყოფილიყო, მაშინ ამაზე განვითარებული ქვეყნები უკვე იზრუნებდნენ. რეალურად გარემოს დაცვის ინიციატორი ქვეყნებიც კი არ ებრძვიან ასე ხმალამოღებული პლასტიკს.რა თქმა უნდა, თითოეული მოქალაქე და ზოგადად, სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას გარემო, მაგრამ იქ, სადაც ჩამოყალიბდა და განვითარდა ეს მსოფლმხედველობა, იქ ვერ მოხდა პლასტიკის ჩანაცვლება, ამიტომაც გადამუშავება არის მთავარი გზა გარემოზე მავნე ზეგავლენის შესამცირებლად. გარდა ამისა, პლასტიკის აკრძალვის დადგენილება წინააღმდეგობაშია 2016-2030 წლების ნარჩენების მართვის მთავრობის დამტკიცებულ გეგმასთან“,- აღნიშნა „კავკასფექის“ მმართველმა პარტნიორმა.ცნობისთვის, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან აიკრძალა პლასტმასის ერთჯერადი პროდუქტების წარმოება (თუ საექსპორტოდ არაა განკუთვნილი), იმპორტი და ბაზარზე განთავსება. ამასთან, აიკრძალა საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი გამოყენების სასურსათო კონტეინერებისა და ჭიქების საშუალებით მზა სურსათის მიწოდება მომხმარებლებისთვის. თუმცა, დადგენილება გარკვეულ გარდამავალ პერიოდს ითვალისწინებს, როდესაც მისი ამოქმედების შემდეგ აკრძალული პროდუქტების გამოყენება კვლავ დასაშვებია. კერძოდ, პლასტმასისაგან დამზადებული ჩანგლები, დანები, კოვზები, ჩხირები, თეფშები, საწრუპები, სასმლის მოსარევები, გაფართოებული პოლისტიროლისგან დამზადებული სასურსათო კონტეინერები და მათი თავსახურები, გაფართოებული პოლისტიროლისგან დამზადებული ჭიქები და მათი თავსახურები, რომლებიც განთავსებულია ბაზარზე ამ დადგენილების ამოქმედებამდე, დასაშვებია, ბაზარზე განთავსებულ იქნეს დადგენილების ამოქმედებიდან სამი თვის განმავლობაში.ამასთან, 1 აპრილიდან ამოქმედდა მორიგი რეგულაცია, რომლის თანახმადაც, საქართველოში სახელმწიფო უწყებების დიდ ნაწილს პლასტმასის ჭიქების, კონტეინერებისა და 3 ლიტრამდე მოცულობის ბოთლების შესყიდვა კანონით შეეზღუდათ. 1 ივლისიდან კი საზოგადოებრივი კვების ობიექტებს მომხმარებლისთვის პლასტმასის მასალაში/ნაკეთობაში შეფუთული/განთავსებული სურსათის მიწოდება აეკრძალებათ.

