პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კვლავ პრიორიტეტად რჩება - ლევან დავითაშვილი
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კვლავ პრიორიტეტად რჩება - ლევან დავითაშვილი
დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგების პრეზენტაცია გვქონდა. ეს იყო 2020-23 წლის საინვესტიციო სტრატეგიის ანგარიში, რომელიც „აწარმოე საქართველომ“ წარმოადგინა. საზოგადოებას გავაცანით ის მნიშვნელოვანი მიღწევები, რომელიც ინვესტიციების კუთხით გვქონდა, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მინისტრის თქმით, გასულ წელს საქართველოს რეკორდული მაჩვენებელი ჰქონდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით - 2022 წელს მათმა მოცულობამ 2 მლრდ აშშ დოლარზე მაღალი შეადგინა.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის პოზიტიური დინამიკა წელსაც გრძელდება - მოცულობამ უკვე 1 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა.
„ეს არის გეგმაზომიერი მუშაობის შედეგი, რომელსაც „აწარმოე საქართველო“ და ეკონომიკის სამინისტრო ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ატარებდა“, - განმარტა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრის თქმით, საქართველოს ეკონომიკაში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ძალიან დიდი მნიშვნელოვანი როლი აქვს როგორც ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მამოძრავებელი ფაქტორია.
„პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კვლავ პრიორიტეტად რჩება. ჩვენ საზოგადოებას უკვე წარვუდგინეთ განახლებული, 2024-2028 წლის სტრატეგია და აქტივობა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.