პეტრე ცისკარიშვილი – პარტნიორებს ვერ დაემალებიან, კარს ვერ გამოუკეტავენ და ყურმილს ვერ დაუკიდებენ – დარწმუნებული ვარ, მოახდენენ დიპლომატიურ ზეწოლას რეჟიმზე, რათა არჩევნებამდე მიშა იყოს თავისუფლებაზე

ივანიშვილს ღამის კოშმარად წარმოუდგენია, რომ მიშა გარეთ იყოს – ჩადიოდეს ქალაქებში, სოფლებში და ხალხს ხელს ართმევდეს , – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.
პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, თუ ივანიშვილს სურს, რომ მომავალ არჩევნებს ლეგიტიმაციის მინიმალური დონე მაინც ჰქონდეს და დასავლეთმა ცნოს შედეგები, აუცილებელია, იყოს თავისუფლებაზე.
„როგორია „ვივამედიდან“ აწარმოო კამპანია? ციხეშია იზოლირებული, გამოკეტილი, რადგან ყველაზე მეტად მისი ეშინიათ. ივანიშვილს ღამის კოშმარად წარმოუდგენია, რომ მიშა გარეთ იყოს – ეთერებში, კამპანიაში, ჩადიოდეს ქალაქებში, სოფლებში, ხალხს ხელს ართმევდეს. [მიხეილ სააკაშვილის გამოშვებიდან] მეორე, მესამე დღეს თუ არა, ოქტომბერში რომ დასრულებულია, 100%-იანი გარანტიით იცის ივანიშვილმა, ამიტომ ყველაფერს აკეთებს, როგორმე ციხიდან არ გამოვიდეს.
ჩვენ ვიცით, რომ არჩევნებს გააყალბებს. სუს-ი ჰყავს, ფულს დახარჯავს, მოისყიდის, დააშინებს. თუ ივანიშვილს უნდა, რომ არჩევნები ჩატარდეს, ამ არჩევნებს ლეგიტიმაციის მინიმალური დონე მაინც ჰქონდეს, დასავლეთმა, ჩვენმა პარტნიორებმა, საერთოდ ყველამ ჩვენს გარშემო ცნოს, რომ არჩევნები ჩატარდა, ამისათვის აუცილებელია, მისივე ინტერესებში შედის, რომ მიშა იყოს თავისუფლებაზე. არა მხოლოდ სადღაც თავისუფლებაზე, არამედ აქ, საქართველოში“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
პეტრე ცისკარიშვილის თქმით, იმისთვის, რომ პარტნიორებმა არჩევნების შედეგები აღიარონ, ერთ-ერთი მოთხოვნააა, არჩევნები იყოს კონკურენტული, რაც მათ შორის მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო ველზე ყოფნას ნიშნავს.
„ის, რაც ივანიშვილს წარმოუდგენია, რომ აქ არჩევნებს ატარებდეს, საარჩევნო კამპანია მიდიოდეს, ხალხი უბნებზე რიგში იდგეს და ამ დროს მიშა ციხეში ჰყავდეთ გამოკეტილი, ამის ალბათობა, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ ძალიან დაბალია. ასეთ არჩევნებს, სამართლიანს და თავისუფალს არავინ უწოდებს, ასეთ არჩევნებს ლეგიტიმაცია უბრალოდ არ ექნება. ერთი მხრივ ამბობდე, რომ ევროპისკენ მინდა, ასობით ჩვენს პარტნიორს ბრიუსელში, სხვა დედაქალაქებში უბრალოდ ატყუებდე, რომ მათკენ გინდა, ოღონდ აქ ღრმა აფრიკული რეჟიმი გაქვს შექმნილი, სადაც მთავარ ოპონენტს საარჩევნო მოედანზე არ უშვებ და მარტო ასპარეზობ, არავინ “გაგიტარებს”. პირდაპირ წერია: “სამართლიანი, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნები უნდა იყოს”, ვერ დაგიწერდნენ, “მიშა გამოუშვით და “ისეთი არჩევნები უნდა იყოსო”. კონკურენტული მაგას ნიშნავს, რომ ყველა კონკურენტი იყოს ველზე“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
ცისკარიშვილმა ისაუბრა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პარტნიორებისგან მომდინარე მოთხოვნებზე საქართველოს ხელისუფლების მისამართით და აღნიშნა, რომ მათ ხშირად აქვთ შენიშვნები, თუმცა ამ დროს ხელისუფლების წარმომადგენლები „იკეტებიან, ჩუმდებიან და პასუხს არ სცემენ“, თუმცა ასე ვერ გაგრძელდება, რადგან პარტნიორებს “ვერ დაემალებიან”, შესაბამისად, საბოლოო ჯამში გამოინახება გზა, რათა მიხეილ სააკაშვილი არჩევნებამდე იყოს თავისუფალი.
„როგორც კი იგებენ ამ საკითხზე პარტნიორების მხრიდან შენიშვნებს და დიპლომატიური ტიპის მოთხოვნას, ეგრევე კედელი ჩნდება მათ შორის. ისინი [ხელისუფლების წარმომადგენლები] იკეტებიან, ჩუმდებიან, პასუხს არ სცემენ, საუბარი აღარ უნდათ, იმიტომ, რომ იციან, ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე, რაც კი შეიძლება მათ ძალაუფლებას დაემუქროს. ხშირ შემთხვევაში წყდება ხოლმე მათ შორის ლაპარაკიც.
არის კიდევ სხვა ტიპის საუბრებიც, რაც ზოგ შემთხვევაში უფრო შორს მიდის, უფრო მაღალი თანამდებობის მქონე ჩვენი კოლეგების და სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან, რომლებსაც ვერ დაემალებიან, კარს ვერ გამოუკეტავენ და ყურმილს ვერ დაუკიდებენ. აქედან გამომდინარე ჩვენ იმედს მაინც ვიტოვებთ, დარწმუნებული ვარ, მთელი ამ საერთაშორისო, დიპლომატიური ზეწოლის, წნეხის ფონზე, (მათ შორის ნუ დაგვავიწყდება, რომ ქვეყნის პრეზიდენტსაც შეუძლია თავისი როლი ითამაშოს და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას პოლიტიკური ვაჟკაცობა ეყო), უკრაინის მხრიდანაც სწორ დროს და მომენტს გამონახავენ იმისათვის, რომ მოახდინონ, თავის მხრივ, დიპლომატიური ზეწოლა ამ რეჟიმზე რათა მიშა იყოს თავისუფლებაზე“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული საკითხების გარდა, პეტრე ცისკარიშვილმა ისაუბრა უშუალოდ პროცესზე და აღნიშნა, რომ ოპოზიცია და პარტნიორები ერთად უნდა იდგნენ, რათა არ გაყალბდეს შედეგები.
გარდა ამისა, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, არჩევნებზე არ იყოს მხოლოდ ორი პოლიტიკური პოლუსი.
„სუფთა მათემატიკურად თუ შევხედავთ, მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს მხოლოდ ორი პოლუსი. მეტ-ნაკლებად დემოკრატიული არჩევნების დაშვებას თუ გავაკეთებთ, ჩვენ გვჭირდება პარტნიორები, უცხოელ პარტნიორებთან ერთად, რომ ყველა ერთად დავდგეთ, გადავეღობოთ და არ გავაყალბებინოთ ეს არჩევნები“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
ამასთან, პეტრე ცისკარიშვილის შეფასებით, ს პოლიტიკაში დაბრუნება არაფერს ცვლის პოლიტიკურ ველზე, არც ოპოზიციისთვის და ქართველი ხალხისთვის.
„რაც შეეხება ივანიშვილის ფაქტორს, ის მუდმივად იყო, არის და ამ არჩევნებშიც იქნება. არაფერს არ ცვლის ის, დამალული იქნება შუშის სასახლეში თუ გამოვა. ან სად გამოვიდა? – ერთხელ გამოჩნდა და იმის შემდეგ ისევ მიმალვაშია. მისი მხრიდან დიდად სატელევიზიო, მედია და საჯარო აქტიურობა არ გვახსოვს. მას უბრალოდ უნდა, რომ მონოპოლია ჰქონდეს. საუბრობდა, რომ კორუფციის ნიშნებს ვხედავ ჩემს გუნდშიო, თუ რამე კორუფციული წყაროები შეიძლება არსებობდეს ქვეყანაში, უნდა რომ მასზე ექსკლუზივი მას ჰქონდეს და არა ვინმე „ღარიბაშვილებს“ ეს არის მისი მობრუნების ერთ-ერთი მიზეზი“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ