პატიმრობაში მყოფი ბელარუსი ოპოზიციონერი მარია კალესნიკავა 2022 წლის შემდეგ პირველად შეხვდა მამას

ბელარუსი ოპოზიციონერი მარია კალესნიკავა 2022 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად, მოკლე ხნით შეხვდა მამამისს, ალიაქსანდრ კალესნიკაუს - 12 ნოემბერს ტელეგრამით წერს ყოფილი ოპოზიციონერი ბლოგერი რამან პრატასევიჩი.
ამ შეხვედრაზე იუწყება ბელარუსული საინტერნეტო გამოცემა Nasha Niva-ც, რომელიც ყოფილ პოლიტპატიმრებზე დაყრდნობით ამბობს, რომ ფოტოზე ასახული ადგილი, სავარაუდოდ, ციხის საავადმყოფოა. გამოცემის თანახმად, უცნობია მკურნალობს თუ არა კალესნიკავა საავადმყოფოში.
ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვიატლანა ციხანოუსკაია, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს, პლატფორმაზე X-ზე წერს, რომ "ღრმა შვება" მოჰგვარა კალესნიკავას მამასთან შეხვედრის ცნობამ.
მარია კალესნიკავა ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას ხმამაღალი კრიტიკოსია. იგი 2020 წლის სექტემბრიდანაა პატიმრობაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.