პატივის და ღირსების შელახვისთვის ხაზარაძემ კალაძის მიმართ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

24 იანვარს „ლელოს” ლიდერმა მ თბილისის მერის, კახა კალაძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. როგორც ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განმარტა, ხაზარაძე მოითხოვს, კალაძეს დაევალოს საკუთარი განცხადების საჯაროდ უარყოფა. „ბატონმა კალაძემ განაცხადა, რომ მამუკა ხაზარაძე ხალხს აუბედურებდა და ბიზნესს ართმევდა, რაც პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი განცხადებაა, რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამება”, – განმარტა კორძაძემ.
17 იანვარს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის შესახებ ოპოზიციის განცხადებებს. მან განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა პარტია „ლელოსა“ და მის ლიდერ მამუკა ხაზარაძეზე. კალაძემ ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს მოქალაქეებისთვის ბიზნესების წართმევაში დაადანაშაულა.
„ბატონი ხაზარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი არ იყო, მაგრამ პირველი იყო, ვინც იმ ბინძურ საქმეებს აკეთებდა და ხელის ბიჭი იყო სააკაშვილის. არ ახსოვს საზოგადოებას ეს ყველაფერი?! თუ დაავიწყდა?! – თქვა კახა კალაძემ და ხაზარაძეს მიმართა, – ყველაფერი გვახსოვს და არაფერი დაგვვიწყებია, როგორ აუბედურებდით ხალხს, როგორ ართმევდით ბიზნესებს შენ და შენი ბანკის კონკრეტული წარმომადგენლები. კარგად გვახსოვს ეს ყველაფერი და თქვენი ადგილი იქნება იქ, სადაც დღეს იმყოფებით და ის მცდელობა, რომ რაღაცნაირად 5%-იანი ბარიერი გადაგალახინონ ვიღაცებმა, ამას საზოგადოებას ვერ მოატყუებთ. თქვენ ერთნი ხართ ყველანი, ერთი პატრონი გყავთ, ემსახურებით სხვა ქვეყნის ინტერესს და არა ამ ქვეყნის. არც სამშობლო გაგაჩნიათ, არც სამშობლოს სიყვარული გაქვთ. ეს ხართ რეალურად თქვენ და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ძალიან კარგად აფასებს, კარგად ხედავს, რას ემსახურება ის ისტერიკა, ის სიბინძურე, რასაც კადრულობთ ყოველდღიურ რეჟიმში. გაგცემთ პასუხს საზოგადოება 2024 წლის არჩევნებზე“.
დედაქალაქის მერის განცხადებას მამუკა ხაზარაძე ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა. „კახა კალაძე, ნამდვილად, ყველას ყველაფერი ახსოვს… დანარჩენზე სასამართლოში“, – დაწერა „ლელოს“ ლიდერმა. მან გააზიარა ვიდეო 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ გასული გადაცემიდან, რომელშიც კახა კალაძე ღია მხარდაჭერას უცხადებდა პრეზიდენტობის იმდროინდელ კანდიდატს, მიხეილ სააკაშვილს და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის თანახმად, „პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან”.
2023 წლის 11 ოქტომბერს ხაზარაძემ ამავე მიზეზით სასამართლოში სარჩელი შეიტანა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიმართ. თუმცა მის მცდელობას შედეგი არ მოჰყოლია.
„წინა სარჩელზე, რომელიც ეხებოდა ირაკლი ს, კანონის ყოველგვარი დარღვევით, საერთოდ წარმოებაში არ მიიღო სასამართლომ. უპრეცედენტო რამ თქვა: თუ ადამიანი დეპუტატია, შეუძლია, რაც უნდა ის ილაპარაკოსო. მას არანაირი პასუხი არ მოეთხოვება, მათ შორის არა მარტო შეხედულებებზე, არამედ ცრუ ფაქტების გავრცელებაზე“, – თქვა ზვიად კორძაძემ.
იმ შემთხვევაში, თუ კალაძის მიმართ შეტანილ სარჩელსაც ანალოგიური ბედი ეწევა, მამუკა ხაზარაძის მხარე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს.
„ახლა ამასაც [კალაძის მიმართ სარჩელის შედეგებს] დაველოდებით და არის ამის გაგრძელება, მომდევნო ეტაპი, სასამართლოსთვის მიმართვის უფლების წართმევისთვის მივმართავთ სტრასბურგის სასამართლოს“, – განმარტა ადვოკატმა.

ასევე დაგაინტერესებთ