პარტია „გახარია საქართველოსთვის“ – „ბათუმელების“ წინააღმდეგ მიზანმიმართული და აგრესიული ზეწოლა ხორციელდება – ეს არის მცდელობა, ქვეყანაში მიუკერძოებელ მედიასაშუალებებს შუქი ჩაუქრონ

„ბათუმელების“ წინააღმდეგ მიზანმიმართული და აგრესიული ზეწოლა ხორციელდება – ეს არის მცდელობა, ქვეყანაში მიუკერძოებელ მედიასაშუალებებს შუქი ჩაუქრონ, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის განცხადებაშია აღნიშნული.
მისივე თქმით, ეს არა ფინანსური დავა, არამედ დამოუკიდებელ მედიაზე პირდაპირი შეტევა და მზია ამაღლობელთან კონკრეტული ანგარიშსწორებაა.
„მიზანმიმართული და აგრესიული ზეწოლა ხორციელდება პოლიტპატიმარი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის მიერ დაარსებული დამოუკიდებელი მედიაგამოცემა “ბათუმელების“ წინააღმდეგ. გამოცემა, რომელიც ყოველთვის ობიექტურად და კრიტიკულად აშუქებდა ყველა ხელისუფლების მოქმედებებს, დღეს პირდაპირი დევნის ობიექტად იქცა.
„ოცნება“ მორიგ მცდელობას მიმართავს, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის ხმა ჩაახშოს. ამისთვის კი იყენებს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს, მათ შორის, შემოსავლების სამსახურს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად აქცია.
მაშინ, როცა ამ სამსახურისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს მმართველ პარტიასთან დაკავშირებული მედიების ბიუჯეტის წინაშე არსებული ათეულობით მილიონი ლარის ვალი, სამსახური უარს ეუბნება “ბათუმელებს“ კანონით გათვალისწინებულ გადახდის გრაფიკზე, რომელიც ვალის ეტაპობრივ დაფარვას ითვალისწინებს.
ეს არ არის ფინანსური დავა – ეს არის პირდაპირი შეტევა დამოუკიდებელ მედიაზე და კონკრეტული ანგარიშსწორება მზია ამაღლობელთან. ეს არის მცდელობა ქვეყანაში მიუკერძოებელ მედიებს ჩაუქრონ შუქი,“ – აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, შემოსავლების სამსახურმა „ბათუმელების“ ანგარიშებს ინკასო დაადო. „ბათუმელები“ ცნობით, ოფიციალური მიზეზი ფინანსური დავალიანებაა, თუმცა გამოცემა მიიჩნევს, რომ ეს არის ზეწოლა მზია ამაღლობელზე, რომ ის დანებდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია