ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პარლამენტმა უარყო, რომ მათ მიერ კვების მომსახურებაში 2,8 მილიონი ლარია დახარჯული - გაიგეთ დეტალები

გუშინ პარლამენტი კვების მომსახურების მხრივ ყველაზე მხარჯველ დაწესებულებად გამოცხადდა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ სიუჟეტში აღნიშულის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. სიუჟეტში ჩანდა, რომ პარლამენტის მიერ კვების მომსახურებაში 2,8 მილიონი დაიხარჯა.

პარლამენტმა აღნიშნული უარყო.

„საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სრული დეზინფორმაცია და მანიპულაცია. სიუჟეტში მოცემული რიცხვი აღებულია პარლამენტის ბიუჯეტის მუხლიდან „წარმომადგენლობითი ხარჯები“ და ინტერპრეტირებულია, თითქოს ბიუჯეტის ეს პუნქტი მხოლოდ კვების მომსახურებას ეხება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

პარლამენტის ბიუჯეტის ამ მუხლიდან ფინანსდება ორი მიმართულება: 1. სამაჟორიტარო ბიუროების საქმიანობა და 2. სხვა წარმომადგენლობითი ხარჯები, რომლებიც ეხება პარლამენტში გამართულ ღონისძიებებს და უცხო ქვეყნების დელეგაციებთან და წარმომადგენლებთან პროტოკოლურ შეხვედრებს.

სიუჟეტში არ არის მოცემული დეტალური ინფორმაცია ბიუჯეტის ამ მუხლიდან (წარმომადგენლობითი ხარჯები) გაწეული ხარჯის მიზნობრიობასთან დაკავშირებით, რის გამოც სახეზეა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

რეალობა კი ასე გამოიყურება:

პარლამენტის ბიუჯეტის მუხლიდან „წარმომადგენლობითი ხარჯები“, სიუჟეტში მოცემულ პერიოდში, ხარჯმა შეადგინა 2 814 570 ლარი, საიდანაც

- სამაჟორიტარო ბიუროების ხარჯმა შეადგინა 2 495 100 ლარი (საერთო ხარჯის 87%)

- სხვა წარმომადგენლობითმა ხარჯმა (პარლამენტის სასახლეში ჩატარებული ღონისძიებები და უცხო ქვეყნების დელეგაციებთან პროტოკოლური შეხვედრები), რომელთა რაოდენობა აღნიშნულ პერიოდში იყო 154, შეადგინა 319 470 ლარი (საერთო ხარჯის 13%).

საქართველოს პარლამენტი არის ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე უწყება. ამიტომ, სამწუხაროა, რომ ნაცვლად მონაცემების სათანადო კვლევისა და მაყურებლის სწორი ინფორმირებისა, აღნიშნული სიუჟეტით მოხდა მაყურებლისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდება.

მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, მომავალში გაავრცელონ მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია“, - წერია მათ განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: newsline.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.