პარლამენტმა “საქართველოს განვითარების ფონდის” ლიკვიდაციას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა მესამე მოსმენით დაუჭირა “საქართველოს განვითარების ფონდის” (ყოფილი “საპარტნიორო ფონდი”) ლიკვიდაციას. აღნიშნული ფონდის გაუქმების წინადადებას 85-მა დეპუტატმა მისცა ხმა.

ინიციატივა მთავრობას ეკუთვნის და ის სახელმწიფო სტრუქტურების ოპტიმიზაციას ისახავს მიზნად. აღსანიშნავია, რომ “საქართველოს განვითარების ფონდის” ფუნქციები არ გაქრება და ის “აწარმოე საქართველოში” ინტეგრირდება.

“საქართველოს განვითარების ფონდი” (DFG) სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი იყო, რომელიც 2011 წელს შეიქმნა და თავდაპირველად “საპარტნიორო ფონდის” სახელით იყო ცნობილი. 2023 წელს ფონდი რეფორმირდა და როგორც მის საიტზეა აღნიშნული “განახლებული სახელწოდებით, სტრატეგიითა და მიზნებით განვაგრძობთ ფუნქციონირებას”.
ფონდის მიზანი კერძო ინვესტორების პროექტების განვითარების მხარდაჭერა იყო.

“საქართველოს განვითარების ფონდის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე 2023 წლის სექტემბრიდან დავით საგანელიძე იყო. 2015 წლიდან ის ჯერ “საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელი დირექტორი იყო, 2015 წლიდან 2023 წლამდე — ამავე ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

ცნობისათვის, დავით საგანელიძე “საქართველოს განვითარების ფონდს” (ყოფილი “საპარტნიორო ფონდი”) 8 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

დავით საგანელიძის ჯამური ხელფასი 2020 წელს 212 ათას ლარზე მეტი იყო. დეკლარაციის მიხედვით, მისი ხელფასი წინა წელთან შედარებით შემცირებულია.

2019 წელს მან ფონდიდან 237 ათას ლარზე მეტი მიიღო, 2020 წელს კი – 25 ათასით ნაკლები. დავით საგანელიძე დეკლარაციის მიხედვით, რამდენიმე ასეული ათასის ქონებას ფლობს.

დავით საგანელიძე ფონდის ხელმძღვანელად 2015 წლის ოქტომბერში დაინიშნა. ის ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე “ქართული ოცნების” სიით პარლამენტის წევრი და 2018 წლამდე კი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი იყო.

სააქციო საზოგადოება “საპარტნიორო ფონდი” სახელმწიფო საწარმოა. ის 2011 წელს დაარსდა.