პარლამენტის თავდაცცისა და უშიშროების კომიტეტის დელაგაციამ ლონდონში ვიზიტი დაასრულა

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დელეგაცია, რომლის შემადგენლიბაშიც იყვნენ ირაკლი ბერაია, ირაკლი ჩიქოვანი, ალექსანდრე ტაბატაძე და ხატია წილოსანი, ვიზიტით გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქ ლონდონში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ქართველმა კანონმდებლებმა შეხვედრები გამართეს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის, ეროვნული უსაფრთოების სამდივნოს და ჰოუმ ოფისის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან. დეპუტატები ასევე შეხვდნენ ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების სახელმწიფო მინისტრს, თემთა პალატის თავდაცვის, საგარეო ურთიერთობათა და სახაზინო კომიტეტების თავმჯდომარეებს, აგრეთვე საქართველოსთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარეს, სხვა ბრიტანელ კანონმდებლებს და ანალიტიკური ცენტრის RUSI თავმჯდომარეს.
მხარეებს შორის შეხვედრები დაეთმო ისეთი საკითხების განხილვას, როგორებიცაა: რუსული ოკუპაცია; საქართველოს ოკუპირებულ ტერიტიორიებზე არსებული ვითარება; რეგიონული უსაფრთხოების გარემო; საქართველოს უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები; ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი; თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესი; საქართველოს თავდაცვისუნარიანობის და მედეგობის განმტკიცებაში ბრიტანეთის მხარდაჭერის შემდგომი გაძლიერება, შავი ზღვის რეგიონში ჩართულობის გაზრდა და საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის დაჩქარებაში ბრიტანეთის როლის მნიშვნელობა.
“მთავარი გზავნილი, რომელიც ლონდონში პარტნიორებისგან მოვისმინეთ არის ის, რომ საქართველო ატარებს სწორ, გონივრულ და წინდახედულ უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკას და რომ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, თავდაცვითი შესაძლებლობების და უსაფრთხოების განმტკიცებას, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას ყოველთვის ექნება გაერთიანებული სამეფოს მაქსიმალური მხარდაჭერა” – განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ.