პარლამენტთან საპროტესტო აქციის ძირითადი ნაწილი დასრულებულია
პარლამენტის შენობასთან "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო საპროტესტო აქციის ძირითადი ნაწილი დასრულდა. ჩიტაძის ქუჩაზე სპეცრაზმი ბოლო რამდენიმე საათი იყენებდა წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს. პოლიცია პარლამენტის ეზოდან ქუჩის მიმართულებით იყენებდა სპეციალურ საშუალებებს, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა ხის და რკინის ჯებირებით, ასევე ნაგვის ურნებით ბარიკადები ააგეს. შედეგად, პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელი ჩიტაძის ქუჩიდან ჩახერგეს.
მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა გადაინაცვლეს პარლამენტის მოპირდაპირე მხარეს, ჭიჭინაძის ქუჩაზე, სადაც მათ ასევე სცადეს ჩაეხერგათ შენობის ჭიშკარი. სპეცრაზმმა ისევ გამოიყენა წყლის ჭავლი მათ წინააღმდეგ, რა დროსაც მათ რუსთაველის გამზირისკენ გადაინაცვლეს.
ამის შემდეგ, ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩა მთლიანად საპატრულო და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა დაიკავეს. მათ დემონსტრანტებს შესთავაზეს, აქცია პარლამენტის წინ გაეგრძელებინათ, რათა შესაძლებელი გამხდარიყო გზის სავალი ნაწილის გახსნა.
მიუხედავად ამისა, აქციის მონაწილეები ამ დროისთვის [4:50] რუსთაველის გამზირზე რჩებიან.
რუსთაველზე აქციის დაშლა პოლიციამ მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის რამდენიმე მონაწილემ პარლამენტის შენობის რკინის ჭიშკრების რყევა დაიწყო - 22:30-სთვის სამართალდამცველებს უკვე გამოყენებული ჰქონდა საპოლიციო სპეციალური საშუალებები.
თბილისში, "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე მოქალაქეს თვალი დაუზიანდა - ტვ პირველის კადრებში ჩანს ახალგაზრდა კაცი, რომელსაც სახე თვალის გარშემო სრულად დასისხლიანებული აქვს. მან დაზიანება სავარაუდოდ რეზინის ტყვიით ჩიტაძის ქუჩაზე მიიღო.
პირველ მაისს პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, - ქუჩებში ხანგრძლივი და მრავალათასიანი საპროტესტო დემონსტრაციების მიუხედავად, - „აგენტების კანონი“ მეორე მოსმენით მიიღო - 83 ხმით, 23-ის წინააღმდეგ.
ფორუმი
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.