პარლამენტარი ქალების უმრავლესობა კვოტირების გაუქმებას ემხრობა

პარლამენტარი ქალების უმრავლესობა კვოტირების გაუქმებას ემხრობა
პარლამენტარი ქალების უმრავლესობა გენდერული კვოტირების გაუქმებას მხარს დაუჭერს. საკანონმდებლო ორგანოში მყოფი 27 ქალი დეპუტატიდან 14 – გირჩის ინიციატივის მხარდაჭერას გეგმავს. აქედან 13 ქართული ოცნების წევრია – 1 კი მთავრობის სატელიტი პარტიის, ხალხის ძალის წარმომადგენელი, ეკა სეფაშვილი.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა გენდერული კვოტირების სისტემის გაუქმებას პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა – საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივით პარტია გირჩი გუშინ, პირველ აპრილს გამოვიდა.
ალექსანდრე რაქვიაშვილის, ს, ჰერმან საბოს და ვახტანგ მეგრელიშვილის საკანონმდებლო ინიციატივით, ცვლილება შედის საარჩევნო კოდექსში – პროექტის თანახმად, პოლიტიკური პარტიები არ იქნებიან ვალდებულნი თავიანთი საარჩევნო სია დააკომპლექტონ გენდერული კვოტირების მოთხოვნების შესაბამისად.
ინიციატორები თვლიან, რომ კანონი ადამიანების შესაძლებლობებს სქესის მიხედვით ასე განსხვავებულად არ უნდა აფასებდეს და საჭიროა ყველა მსგავსი ბარიერის მოხსნა.
“გენდერული კვოტირების მექანიზმი წარმოადგენს შეზღუდვას როგორც პოლიტიკური პარტიებისთვის, ასევე იმ სქესის წარმომადგენლებისთვის, ვისი გაძლიერების მოტივითაც არის შეიქმნა ეს ნორმა. სქესის მიხედვით პოლიტიკური პარტიის სიის ფორმირებას ლოგიკური შინაარსი არ გააჩნია, ასეთი ხელოვნური ჩარევით ქალების პოლიტიკაში ჩართულობა სერიოზულ სახეს ვერასოდეს ვერ მიიღებს. კანონპროექტის მიზანია, დაეხმაროს პოლიტიკით დაინტერესებულ ქალებს თავი დააღწიონ კვოტით გამოწვეულ რეპუტაციულ ზიანს. სქესის ნიშნით კვოტირება კიდევ უფრო აღრმავებს ქალების მიმართ არსებულ სტერეოტიპებს, რის გამოც რთულია ქალების სათანადო პოლიტიკურ მოთამაშეებად აღქმა” – წერია განმარტებით ბარათში.