პარაგვაის საგარეო საქმეთა მინისტრი – საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა საშუალებას აძლევს პარაგვაის დაუბრკოლებლად გაიტანოს პროდუქცია მრავალფეროვან ბაზარზე

საქართველოს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა აქვს, ის ერთგვარი დამაკავშირებელი ხიდია კავკასიას და ევროპას შორის. ეს კი პარაგვაის აძლევს შესაძლებლობას დაუბრკოლებლად გაიტანოს თავისი პროდუქცია მრავალფეროვან ბაზარზე, სადაც საქართველოს აქვს წვდომა, – ამის შესახებ პარაგვაის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუბენ რამირეს ლესკანომ განაცხადა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ, პარაგვაელმა კოლეგამ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა.
უწყების ცნობით, დიპლომატმა ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობაზე და აღნიშნა, რომ საქართველო ბრწყინვალედ მასპინძლობს საერთაშორისო ტურისტულ ღონისძიებებს.
„ჩვენ ამ კუთხით თანამშრომლობაზეც შევთანხმდით. ასევე, განვიხილეთ ტურიზმისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების გზები და განვსაზღვრეთ საერთო ინტერესის სხვა სფეროებიც“, – აღნიშნა რუბენ რამირეს ლესკანომ.
მინისტრის თქმით, შეხვედრაზე განხილული იყო, ასევე, უსაფრთხოების გამოწვევები და ორი ქვეყნის საერთო შეხედულებები ამასთან დაკავშირებით.
,,ვისაუბრეთ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, მათ შორის, კავკასიის რეგიონში არსებულ სიტუაციაზე და მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებზე, ასევე განვიხილეთ ერთობლივად მოქმედების შესაძლებლობები“, – აღნიშნა რუბენ რამირეს ლესკანომ.
პარაგვაის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ სიამოვნებით მიიღო საქართველოში მიწვევა და ეს ვიზიტი უახლოეს მომავალში განხორციელდება.
„შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მუშაობას პოლიტიკური ინსტიტუციების ფარგლებში.
მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობარ ილიას სტუმრობისთვის და კიდევ ერთხელ დავარწმუნო ის, რომ ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ერთად მუშაობას“, აღნიშნა რუბენ რამირეს ლესკანომ, რომლის განცხადებასაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გელა მთივლიშვილი: მიაქციეთ ყურადღება სიტყვას: „მოქალაქე“. პროკურატურა მალავს, რომ სინამდვილეში ეს „მოქალაქე“ მათი აგენტი-პროვოკატორია (რომლის ვინაობაც ვიცით) და ექიმს დანაშაულის პროვოცირება მოუწყეს

დავით ფანჯაკიძე – მინდა, რომ როცა დავსხდებით ფინჯან ყავასთან და გავარჩევთ საკითხებს, გვერდით გამოიაროს ბიძინა ივანიშვილმა და ჩვენთან ერთად დალიოს ყავა, ხოლო გვერდით მაგიდასთან იჯდეს მიხეილ სააკაშვილი – ეს არის ნორმალური ქვეყანა

დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მეთაური – უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ რუსეთის დანაკარგების საერთო რაოდენობა, დაჭრილების ჩათვლით, 1.5 მილიონ ადამიანს შეადგენს – აქედან 500 000 მოკლულია