ირაკლი კობახიძემ თქვა, გაეროში ყოფნისას მას შესაძლებლობა ჰქონდა, რომ დონალდ ტრამპის მიწვევით მიღებას დასწრებოდა. მათ შორის, შესაძლებლობა ჰქონდა, მოკლე გასაუბრება ჰქონოდა აშშ-ს პრეზიდენტთან, უფრო მეტად დეტალური გასაუბრება კი სახელმწიფო მდივანთან. ასეთი ურთიერთობების დროს ყოველთვის ვაფიქსირებთ ჩვენს მზაობას, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ახალი ათვლის წერტილით დაიწყოს. დანარჩენი მათზეა დამოკიდებული, ვინც ჩვენს მზაობას უპასუხებს. ჩვენ კმაყოფილი ვართ იმ დინამიკით, რომელიც არის ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში. სამწუხაროდ, აშშ-ს წინა ადმინისტრაციამ ეს ძალიან დააზიანა და მნიშვნელოვანია, ეს ზიანი აღმოიფხვრას და ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს.