ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი თურქეთში საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას.
პაპუაშვილის თქმით, ის ასამბლეაზე სიტყვით გამოვა და ისაუბრებს იმ გამოწვევებზე, რაც თანამედროვე სამყაროში არის.
“გვაქვს შესაძლებლობა, რომ საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად მონაწილეობა მივიღოთ საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე სესიაში. ტრადიციულად, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ხოლმე, რომ ერთ ადგილას ვნახოთ ბევრი კოლეგა სხვადასხვა ქვეყნიდან. გვექნება ორმხრივი შეხვედრებიც პარლამენტის თავმჯდომარეებთან სხვადასხვა ქვეყნიდან და ასევე შესაძლებლობა რომ ასამბლეას მივმართო სიტყვით. საუბარი გვექნება იმ გამოწვევებზე, რომელიც თანამედროვე სამყაროში არის.” – თქვა ჟურნალისტებთან საუბრისას ივანიშვილის წარმომადგენელმა.
შალვა პაპუაშვილმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ბრიუსელი გადადის დირექტივების ენაზე და კანდიდატ ქვეყნებს დახმარების მაგივრად, პრობლემებს უქმნის ევროინტეგრაციის გზაზე. მისი აზრით, ეს პრობლემა ევროკავშირის შიგნით უნდა გადაწყდეს.
როგორც მან განაცხადა, შეხვდებიან ჩრდილოეთ მაკედონიის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, საუდის არაბეთის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებს.
“უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა [აქცენტი გაკეთდება] ორმხრივ ურთიერთობებზე. ახლა მექნება ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა. რა თქმა უნდა, მასთან, როგორც კანდიდატ ქვეყანასთან, გვექენება საუბარი იმ გამოწვევებზე, რომლებიც მათ აქვთ, როგორ მიდის მათთან პროცესი ევროპული ინგეგრაციის. ასევე, რა თქმა უნდა, გვექნება შესაძლებლობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებსაც შევხვდეთ. გვექნება საუბარი იმ სამწუხარო მოცემულობაზე, რასაც ჩვენ ვაკვირდებით.
სამწუხაროდ, ბრიუსელი მეტად და მეტად კეტავს დიალოგს და გადადის დირექტივების ენაზე, რაც, ვფიქრობ, რომ არასწორია და ევროკავშირის შიგნიდან უნდა გადაწყდეს ეს პრობლემა. სამწუხაროდ, ბრიუსელი დღეს უქმნის უფრო მეტ პრობლემას კანდიდატ ქვეყნებს, ვიდრე ხარს უჭერს და ეხმარება მათ ევროინტეგრაციის გზაზე. ამ მხრივ პირდაპირი კომუნიკაცია წევრი ქვეყნების პარლამენტებთან ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ასევე შეხვედრა გვექნება ყურის ქვეყნების წარმომადგენლებთან: ემირატების, საუდის არაბეთის პარლამენტის წარმომადგენლებთან და, რა თქმა უნდა, საუბარი გვექნება ეკონომიკურ ურთიერთობებზე და რეგიონში არსებულ ვითარებაზე.” – თქვა პაპუაშვილმა.