პაპუაშვილი დაიმუქრა, რომ მიკროფონს გაუთიშავს ყველას, ვინც "რუსულ კანონს" გამოიყენებს
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაპირისპირება იყო. შელაპარაკება ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ ტერმინი რუსული კანონის ხსენებას მოჰყვა.
სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა დეპუტატები გააფრთხილა, ამ ტერმინის ხსენების შემთხვევაში, მათ მიკროფონებს გაუთიშავს.
"კიდევ ერთხელ, ეს არის ანტიქართული პროპაგანდა, რომელსაც თქვენ ახლა ქართულ პარლამენტში ეწევით. ანტიქართული პროპაგანდისა და ამის ძახილის უფლებას აქ არ მოგცემთ. ყველას გავუთიშავ მიკროფონს, ვინც "რუსულ კანონს" გამოიყენებს. ნუ ატყუებთ ქართველს ხალხს - გაგივიდათ შარშან, წელს არ გამოგივათ. დიახ, ეს ტყუილია - ქართულ კანონს რუსულს რომ ეძახით", - თქვა პაპუაშვილმა.
ხმაურის გამო, დარბაზი დაატოვებინეს ალეკო ელისაშვილს.
"არ უნდა გავატანინოთ ეს კანონი. ყველას მოვუწოდებ ვინც არის ნორმალურ ადამიანი ამ ქვეყანაში და უნდა, რომ ეს ქვეყანა გახდეს ევროპის ნაწილი - აბჯარი აისხით, მოემზადეთ, დიდი ვნებათაღელვა და ცემა-ტყეპა გველის. ეს არ უნდა გავატანინოთ", - თქვა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.