პაპუაშვილი: აღმაშფოთებელია, რომ რეზოლუციაში მოთხოვნილია ივანიშვილისთვის სანქციის დაწესება

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტზე, რომელიც ევროპარლამენტში განიხილება. მან რეზოლუციაზე საუბრის დროს გამოიყენა იგივე შეფასება, რაც ევროკავშირის ელჩმა „ქართული ოცნების“ ბანერების შეფასების დროს. პაპუაშვილის თქმით, ეს დოკუმენტი „აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენია“.
„რეზოლუცია, რომელსაც ევროპარლამენტი დღეს მიიღებს, ჩვენს ამ შეგუებულ იმედგაცრუებასაც მნიშვნელოვნად სცდება და როგორც სულისკვეთებით, ისე მისი შინაარსით...
აღმაშფოთებელია რეზოლუციის ის ჩანაწერი, რომელშიც მოთხოვნილია ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციის დაწესება... როგორც ჩანს, რეზოლუციის ავტორებიც ხვდებიან, რომ ბიძინა ივანიშვილისადმი მათ აკვიატებულ ინტერესს უკვე სერიოზულობა აქვს დაკარგული და ამჯერად პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც პირადად ახსენეს“, - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე ამ რეზოლუციის ინიციირებას ისე, როგორც მანამდე საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ლიდერების განცხადებებს, არჩევნებისთვის ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოხდენის მცდელობად აფასებს:
„ნათელია, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ევროპარლამენტის ცალკეული ჯგუფების მიერ რეზოლუციის ინიციირება ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე გავლენის მოხდენის მცდელობაა, რაც კატეგორიულ წინააღმდეგობაშია ჩვენს საერთო ევროპულ ღირებულებებთან...
მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა უცხოელ აქტორს, პატივი სცენ არჩევნების გარე გავლენებისგან თავისუფლად ჩატარების სუვერენულ უფლებას, რაც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია“.
ევროპარლამენტში საქართველოზე მორიგ რეზოლუციას განიხილავენ. ევროპარლამენტი დღეს, 9 ოქტომბერს კენჭს უყრის რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფის გაერთიანებულ რეზოლუციას, რომლითაც გამოხატულია „სერიოზულ შეშფოთება საქართველოში ბოლო წლის განმავლობაში დემოკრატიის ექსპონენციური უკუსვლის გამო“.
ერთ-ერთი პუნქტი მოუწოდებს ევროკავშირსა და წევრ ქვეყნებს, „პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, პერსონალური სანქციები დაუწესონ ყველა იმ პირს, ვინც:
· პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიისათვის ძირის გამოთხრაზე;
· პოლიტიკური ოპონენტების და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობაზე;
· ანტიდასავლური დეზინფორმაციის გავრცელებაზე“.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.