„პანდემია გამოვიარეთ, გადაადგილება შეზღუდული გვქონდა, ყველაფერს გავუძლებთ“ – კალაძე სანქციებზე

„ამით უკან დაგვახევინებენ და ქვეყანას დავთმობთ, ვინმეს ასე წარმოუდგენია? გადავიტანთ როგორმე“, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ, მოსალოდნელ სანქციებთან დაკავშირებით დასმულ ჟურნალისტების კითხვას.
ის ამბობს, პირველ ადგილზე ახლა არა პირადი, არამედ ქვეყნის ინტერესი დგას:
„არ მაქვს ამის პრობლემა. როდესაც ქვეყნის ინტერესი დგას პირველ პლანზე, საკუთარი თავი ნაკლებად საინტერესოა. ჩემთვის მნიშვნელოვანია ეს ქვეყანა და მისი მომავალი. საქართველო არასდროს იქნება ვინმეს კოლონია. ეს დამოკიდებულება ყველამ უნდა შეიცვალოს.
რატომ უნდა იყოს დაწესებული სანქციები. რის გამო? უფრო ძლიერი სახელმწიფოა და უნდა დაგვჩაგრონ, როგორც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით იქცეოდნენ? – კი ბატონო, გააკეთონ. ამით უკან დაგვახევინებენ და ქვეყანას დავთმობთ, ვინმეს ასე წარმოუდგენია? გადავიტანთ როგორმე“.
კახა კალაძემ მოსალოდნელი სანქციები, მათ შორის, მოგზაურობის შეზღუდვა, პანდემიის პერიოდს შეადარა:
„გამოვიარეთ ისეთი რთული პერიოდი, როგორიც, მაგალითად, პანდემია იყო, როდესაც ყველანაირი გადაადგილება შეზღუდული გვქონდა და ყველაფერს გავუძლებთ. როდესაც ქვეყანაზეა საუბარი, მეც, ჩემი ოჯახის წევრები, თანამდებობის პირები გავუძლებთ ყველაფერს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის განვითარება, მშვიდობის შენარჩუნება და არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენს ქვეყანაში მოხდეს ის პროცესები, რაც, ჩვენდა სამწუხაროდ, უკრაინაში ხდება. ქვეყანაში შენარჩუნებული იქნება მშვიდობა და მოხდება განვითარება“, – ამბობს კახა კალაძე.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა, რომ სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც დემოკრატიას ძირს უთხრიან და მათი ოჯახის წევრებსაც. ჯერჯერობით არცერთი კონკრეტული პირი დასახელებული არ არის. გარდა ამისა, აშშ გადახედავს საქართველოსთან თანამშრომლობას.
მიზეზი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი და მასთან დაკავშირებული მოვლენებია, მათ შორის – „პროტესტის ჩახშობის მიზნით გამოყენებული რეპრესიული ტაქტიკა“. ამასთან, აშშ-ში ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ „ქართული ოცნება“ კანონზე უარს იტყვის.
23 მაისს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაქვეყნა გადაწყვეტილება: „საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის გამო სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადება და აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა“.
ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ საქართველოში მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების, დასავლეთის არაერთი დაჟინებული მოწოდების, უარი თქვას „რუსული სტილის“ კანონზე და ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის დასკვნის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ არ აპირებს უარი თქვას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონზე, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო.
საპარლამენტო უმრავლესობა კანონპროექტზე ვეტოს დაძლევას მომავალ კვირაში გეგმავს. კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში საპასუხო ზომების მიღებას აპირებს ევროკავშირიც.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ბუჩუკური: შეგახსენებთ ქოცებო, ტროლებო და ყოვლად უგვანოებო – ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის შვილი ადანაშაულებს რეჟიმს გაუპატიურებაში და ხაზგასმით – არაა ეს პატიმარი პოლიტიკური ნიშნით დაკავებული

ქეთი ქურდოვანიძე: ცოცხების კადრებს ვინც უყურეთ და მას მერე ტელევიზორს აღარ უყურებთ და პოლიტიკაში არ ერევით, იმათ მივმართავ. ჰო კიდევ იმათ, კასრიდან ამოღებულ კადრებს ლამის საბავშვო ბაღებში რომ აჩვენებდით და ვიშვიშებდით