ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პალესტინელთა ჯანდაცვის უწყება: ისრაელის არმიამ მოკლა ექვსი პალესტინელი, რომლებიც ჰუმანიტარული დახმარებას ელოდნენ

ისრაელის სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს პალესტინელებს და ექვსი მათგანი მოკლეს, ხოლო ათეულობით დაჭრეს, როცა ღაზაში ხალხი ელოდა ჰუმანიტარული დახმარების ავტომანქანებს.
ამის შესახებ იტყობინება ღაზის სექტორის ჯანმრთელობის დაცვის სამსახური.
Reuters-ის თანახმად, პალესტინელები ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად მიიჩქაროდნენ ქუვეითის შემოვლით გზისკენ, ღაზას ქალაქ ჩრდილოეთში, 13 მარტის საღამოს, როდესაც ისრაელის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს.
ისრაელის სამხედროებმა არ უპასუხეს ინციდენტზე კომენტარის თხოვნას.
ისრაელის არმიის მიერ ღაზის სექტორზე ალყის შემორტყმის და რეგიონის ხანგრძლივი ინტენსიური დაბომბვის შედეგად მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა დატოვა საცხოვრებელი და სხვა არეალებს მიაშურა, სადაც ჰუმანიტარული კრიზისი მძვინვარებს.
ისრაელმა საპასუხო სამხედრო ოპერაცია წამოიწყო 7 ოქტომბერს, როცა აშშ-სა და ევროკავშირის ტერორისტულად მიჩნეულმა დაჯგუფებამ იერიში მიიტანა ისრაელის სამხრეთის დასახლებულ პუნქტებზე. ამ თავდასხმას 1200 ადამიანი ემსხვერპლა, 240-მდე მძევლად იქნა აყვანილი, რომლის ნაწილი განთავისუფლდა, ნაწილი დაიღუპა და ნაწილი კვლავ ტყვეობაშია.
ღაზის ჯანდაცვის უწყების თანახმად, მას მერე, ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად დაიღუპა 31341 პალესტინელი, ხოლო დაშავდა 73 ათასზე მეტი.
მსგავსი ინციდენტი მოხდა თებერვლის ბოლოს, როცა ისრაელის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს ადამიანების ჯგუფს და დაიღუპა 100-ზე მეტი პალესტინელი, რომლებიც ჰუმანიტარულ დახმარებას ელოდნენ. ისრაელმა ადამიანების სიკვდილის მიზეზად ჭყლეტა დაასახელა, როცა ადამიანების ჯგუფი გარს შემოერტყა ჰუმანიტარული დახმარების მანქანას.
პალესტინელმა მედიკოსებმა განაცხადეს, რომ ღაზას ცენტრალურ ნაწილში, დეირ ალ-ბალახში, ისრაელის რაკეტა მოხვდა სახლს, რის შედეგად 14 მარტს, ცხრა ადამიანი დაიღუპა. ღაზის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ისრაელის სამხედრო თავდასხმების შედეგად ღაზისს სექტორში ბოლო 24 საათის განმავლობაში 69 პალესტინელი დაიღუპა და 110 დაიჭრა. ღაზის სექტორში მეექვსე თვეა ომი მიმდინარეობს. გაეროს თანახმად, 576 ათასი ადამიანი, მოსახლეობის მეოთხედი, შიმშილის ზღვარზეა. ისრაელი უარყოფს, რომ ხელს უშლის ჰუმანიტარული დახმარების შეტანას. შეფერხებების მიზეზად ის ჰუმანიტარული ორგანიზაციების არაეფექტიან მუშაობას ჰამასს ასახელებს. ჰამასი თვლის, რომ ისრაელი შიმშილს იყენებს სამხედრო ოპერაციაში.
ჰუმანიტარული დახმარება უახლოვდება ღაზის სანაპიროს საზღვაო გზითაც, რაც საცდელ სატრანსპორტო ოპერაციას წარმოადგენს, რისთვისაც აშშ-ის სამხედროები ღაზის სანაპიროსთან დროებით ნავმისადგომს აგებენ.
Reuters-ის ცნობით, ამ გზით შესაძლებელი გახდება ყოველდღიურად ორი მილიონი ულუფა სურსათის ჩატანა დღეში. გაეროს და პალესტინელი მოხელეები მიესალმებიან საზღვაო გზით ჰუმანიტარული დახმარების შეტანას, მაგრამ ამბობენ, რომ ეს ვერ შეცვლის სახმელეთო გზით დახმარების ჩატანას.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.