პაველ ჰერჩინსკი: ჩვენ გელოდებით – ევროკავშირის შემდეგი გაფართოება აუცილებლად მოხდება, მოხდება ეს საქართველოსთან ერთად თუ საქართველოს გარეშე, დამოკიდებულია მხოლოდ თქვენზე – დარჩით ევროკავშირის გზაზე

ევროკავშირის შემდეგი გაფართოება აუცილებლად მოხდება, მოხდება ეს საქართველოსთან ერთად თუ საქართველოს გარეშე, ეს დამოკიდებულია მხოლოდ თქვენზე, საქართველოს მოსახლეობაზე, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, მ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

პაველ ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირი ამ წლის ბოლოს გადაწყვეტს გადადგამს თუ არა საქართველო შემდეგ ნაბიჯს მისი წევრობისკენ.

„როგორც პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა თქვა, საქართველო გზაგასაყარზეა. ის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე უნდა დარჩეს.

ამ წლის ბოლოს ევროკავშირი გადაწყვეტს გადადგამს თუ არა საქართველო შემდეგ ნაბიჯს მისი წევრობისკენ. ამისთვის საქართველომ უნდა აჩვენოს ევროკავშირის ღირებულებებისადმი მტკიცე ერთგულება და საჭირო რეფორმები განახორციელოს. ეს შესაძლებლობა არსებობს სწორედ ახლა. ის ხელიდან არ უნდა გაუშვათ. არ გაუშვათ ის ხელიდან.

ჩვენ გელოდებით. გვინდა, რომ საქართველო თავისი მშვიდობიანი და ეკონომიკურად სტაბილური მომავლის უზრუნველყოფაში წარმატებული იყოს. გვინდა, რომ გახდეთ ჩვენი კავშირის ნაწილი, რადგან პატივს ვცემთ საქართველოს ამაყ ხალხს, რომელიც არის მშვიდობისმოყვარე, ნიჭიერი და ევროკავშირის ძირითად ღირებულებებს იზიარებს.

ევროკავშირი ამაყობს თავისი მრავალფეროვნებით და მისი ყველა წევრი ქვეყნის უნიკალურ ისტორიასა და კულტურას სათუთად უფრთხილდება. გვინდა, რომ საქართველო თავისი მდიდარი კულტურითა და ტრადიციებით, ჩვენი ევროპული ოჯახის ნაწილი გახდეს.

რუსთაველის ულამაზესი თეატრის შემხედვარე, ვხედავ ჩვენ პარტნიორებს, პოლიტიკოსებს, საჯარო მოხელეებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს. ვხედავ მუსიკოსებს, პოეტებს, მოსამართლეებს, ექიმებს, მასწავლებლებს და სტუდენტებს. თქვენი ქვეყნის, საქართველოს, კეთილდღეობით აღსავსე და მშვიდობიან ევროპულ მომავალში შეტანილი წვლილისთვის და თქვენი თავდადებისთვის მინდა გულწრფელად მადლობა გადაგიხადოთ.

ძალა ერთობაშია! ჩვენ გვჯერა თქვენი. საქართველოს შეუძლია ეს გვერდი გადაფურცლოს და ევროკავშირის წევრობისკენ სვლა გააგრძელოს. დრო ჯერ კიდევ არის!

ძალიან მკაფიო ვიქნები: ევროკავშირის შემდეგი გაფართოება აუცილებლად მოხდება, მოხდება ეს საქართველოსთან ერთად თუ საქართველოს გარეშე, ეს დამოკიდებულია მხოლოდ თქვენზე, საქართველოს მოსახლეობაზე.

დარჩით ევროკავშირის გზაზე! ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, რომ მაქსიმალურად დაგეხმაროთ.

დაბოლოს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ნება მიბოძეთ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მაესტრო ნიკოლოზ რაჭველს, საქართველოს სიმფონიურ ორკესტრს და მოწვეულ ხელოვანებს დღევანდელი მუსიკალური საჩუქრისთვის. ისიამოვნეთ საოცარი შესრულებით.

გილოცავთ ევროპის დღეს!“, – განაცხადა ელჩმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი დეპუტატ მარიამ ლაშხის მიერ „გლობალური ომის პარტიასა“ და მასონებზე გაკეთებულ განცხადებას „პირობით შედარებას“ უწოდებს და მისი მისამართით კრიტიკას „ფაშისტურ კამპანიად“ აფასებს

შალვა პაპუაშვილი – იმდენი უცხოელი ჩაერია გამჭვირვალობის საკითხში, ბოლოს მიტინგებზეც გამოვიდნენ, ზუსტად ეს აჩვენებს, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ქართული კანონი, რომელსაც პარლამენტი იღებს, ამიტომ ჩვენ ვეტოს დავძლევთ