ღარიბაშვილმა მიიღო შეტყობინება, რომ “ქართულ ოცნებაში” მას უფრო მეტი სიმპათიები აქვს, ვიდრე კობახიძეს, სწორედ ეს ძალა იგრძნო მან და ახლა ამ ძალის გახედნა უნდა. ის მიხვდა, რომ კობახიძის დამარცხება შეიძლება მომავალ არჩევნებში. კობახიძემ კი აღმოაჩინა, რომ ციხეში მჯდომი ღარიბაშვილიც კი მასზე ძლიერია , – ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
ზაქარეიშვილის თქმით, ღარიბაშვილმა მის წერილებში უფრო მეტი კონკრეტიკა უნდა შეიტანოს.
“ირაკლი ღარიბაშვილის წერილებში უფრო მეტი ფაქტები უნდა იყოს, გვარებით უნდა იყოს დაკონკრეტებული. როდესაც ლაზარე ჯორბენაძეზე იყო ლაპარაკი, მან მკაფიოდ თქვა, რომ ის მოკლულია და თავი არ მოუკლავს. ე.ი. რაღაც იცის და უნდა, რომ ბოლომდე მიიყვანოს. თუ ვერ დაამტკიცა, ამ საკითხის დისკრედიტაცია მოხდება. ბოლო წერილები სულ უფრო და უფრო ემსგავსება სადღეგრძელოებს. ეტყობა, მოეწონა, რომ მის წერილებს ეფექტი ჰქონდა, აი მაგალითად, მდინარაძე გაუშვეს. მართალია, ის წერილების გამო არ გაუშვეს, იმის გამო გაუშვეს, რომ ვერ გააჩუმა ღარიბაშვილი და ვერ შეძლო ამ ადამიანის მოთოკვა.
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ კობახიძე-მდინარაძის დონეზე იყო მიღებული გადაწყვეტილება, რომ არჩევნებამდე გაენადგურებინათ ღარიბაშვილის “კლანი” და უცებ აღმოჩნდა, რომ ღარიბაშვილი არ არის მარტო და მისი პოლიტიკური მკვლელობა ასეთი ადვილი არ არის. ღარიბაშვილმა მიიღო შეტყობინება, რომ “ქართულ ოცნებაში” მას უფრო მეტი სიმპათიები აქვს, ვიდრე კობახიძეს. სწორედ ეს ძალა იგრძნო მან და ახლა ამ ძალის გახედნა უნდა. ის მიხვდა, რომ კობახიძის დამარცხება შეიძლება მომავალ არჩევნებში. ღარიბაშვილი ივანიშვილის გადაწყვეტილებას დაემორჩილა, ციხეში წავიდა და უცებ აღმოჩნდა, რომ მისი პატიმრობა საკმარისი არ იყო კობახიძისთვის და მდინარაძისთვის. ის გრძნობს, რომ მისი ეშინია კობახიძესა და მდინარაძეს. არ დაგვავიწყდეს, რომ ამ დროს კახა კალაძე ჩრდილში არის, ჩრდილიდან უყურებს ყველაფერს, თუნდაც უკრაინის ამბებს. აკვირდება ყველაფერს და ხედავს, რომ ძალიან სუსტია კობახიძე და შეიძლება მთელი გუნდი წაიყვანოს ღარიბაშვილმა არჩევნების წინ. კობახიძემ აღმოაჩინა, რომ ციხეში მჯდომი ღარიბაშვილიც კი მასზე ძლიერია. ღარიბაშვილის ძალიან ბევრი მომხრე ჰყავს რეგიონში. როგორც ფიგურა, სუსტია, მაგრამ მან შექმნა ძალიან ძლიერი, მამა-პაპური კორუფცია – „მეც ვჭამ და თქვენც გაჭმევთ“.
ირაკლი კობახიძე ჩარეცხილია, ხალხი არ ჰყავს, ამიტომ ის, რაც შეიძლება მოხდეს დღეს, ანუ მისი გაშვება, მოხდება მოგვიანებით, ალბათ, 2028 წლისთვის. ან ისე უნდა გაუჭირდეს ივანიშვილს, რომ ვადამდელ არჩევნებზე წავიდეს“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.
ექსპერტმა ასევე ისაუბრა საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის მიერ მოხალისეთა ქვედანაყოფ „გეორგიევსკის“ ჩამოყალიბებაზე, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩაერთვება. ზაქარეიშვილი „გეორგიევსკის“ კონტექსტში ირაკლი კობახიძესა და ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს ერთმანეთთან აკავშირებს და არ გამორიცხავს, რომ საზოგადოებამ მათი ერთობა იხილოს.
„პრორუსული ძალების მორიგი ახალი თაობა მოდის, ამათი პარადი არ მთავრდება. „გეორგიევსკი“ კარგად მენიშნა, კობახიძეც მუდმივად ამ თემას უტრიალებს. სულაც არ არის გამორიცხული, რომ მომავალში ფარცხალაძისა და კობახიძის ერთობა ვნახოთ. თუ კობახიძეს გაუჭირდა, რატომაც არ მოხდება „გეორგიევსკის ტრაქტატის“ იდეის გარშემო ფარცხალაძესთან ერთად რაღაცების განხორციელება?
აშკარად ჩანს, რომ „გეორგიევსკი“ შემთხვევით არ არის იქ ნახსენები. მე მგონია, რომ კობახიძე უცნაურად ეთამაშება ამ რუსულ თემას „გეორგიევსკის ტრაქტატთან“ დაკავშირებით, აბსოლუტურად ამოყირავებულად და უკუღმა აქვს წარმოდგენილი. ვფიქრობ, როგორც ფარცხალაძე, ისე კობახიძე და მისი გარემოცვა იმზადებენ მომავალში თავის ადგილს საქართველოს ხელისუფლებაში“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.



