ო 'ბრაიენი საქართველოში შეხვდება ხელისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო 'ბრაიენი თბილისს ეწვევა.
სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ო 'ბრაიენის ვიზიტი 14-17 მაისს, საქართველოსა და ჩერნოგორიაში შედგება.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, სახელმწიფო მდივნის თანაშემწე თბილისში შეხვედრებს გამართავს "ხელისუფლების სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რათა გამოხატოს შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა ქართველი ხალხისა და საქართველოს სურვილისადმი, რომელიც მიმართულია მშვიდობიანი, აყვავებული და უსაფრთხო ევროატლანტიკური მომავლისკენ".
ჯიმ ო 'ბრაიენი საქართველოში ვიზიტი ემთხვევა "აგენტების კანონის" მესამე მოსმენის განხილვის პერიოდს.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში "აგენტების კანონის" მესამე მოსმენით განხილვა 13 მაისს, 10:00 საათზეა დანიშნული.
ო 'ბრაიენი "ამერიკის ხმას" ესაუბრა საქართველოში განვითარებულ პროცესებზე. მან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრება შეუძლებელი იქნება, თუ საქართველოს მთავრობა გადაწყვეტს, რომ სურს "რუსეთზე დაფუძნებული კანონების" მიღება.
"თუ ეს ასე მოხდა, ჩვენთვის [ვითარება] ნათელი იქნება. და თუ მთავრობა იტყვის, - არ გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება, სხვა რამ გვსურს, მაშინ ჩვენ გვექნება ძალიან განსხვავებული საუბარი იმაზე, თუ რას გავაკეთებთ...", - თქვა მან.
"აგენტების კანონის" მესამე მოსმენის კვირაში საქართველოს ევროპის ქვეყნების პარლამენტების საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებიც ეწვევიან.
ფორუმი
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.