ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოჯახში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით სამართალდამცავი დააკავეს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით ცოლზე ძალადობისა და მუქარის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს.
საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ გამოძიების ვერსიით, ბრალდებული მეუღლეზე სისტემატურად ძალადობდა, ხოლო მასთან გაშორების შემდეგ, 2022 წლის დეკემბრიდან 2024 წლის აპრილამდე პერიოდში, სატელეფონო კომუნიკაციისას, ასევე, ინტერნეტ-აპლიკაციით ხმოვანი შეტყობინებების გაგზავნის გზით, სამართალდამცავი დაზარალებულსა და მის ოჯახის წევრებს სიცოცხლის მოსპობით სისტემატურად ემუქრებოდა.
„ასევე, 2023 წლის 22 აგვისტოს, ბრალდებულმა დაზარალებულის საცხოვრებელი სახლის ეზოში, ჭიშკარზე მუქარის შემცველი ტექსტი დაწერა და დაშინების მიზნით იქვე საბრძოლო ვაზნა დატოვა.
გარდა ამისა, 2023 წლის 25 ოქტომბერს, შვილის წაყვანასთან დაკავშირებით, ბრალდებულს კონფლიქტი მოუვიდა დაზარალებულთან, ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და მუქარის ნიშნად იარაღიდან სამჯერ გაისროლა, რის შემდეგაც დატოვა შემთხვევის ადგილი.
ასევე, 2024 წლის 29 მარტს, ბრალდებულმა დაზარალებულს აპლიკაცია „Whatsapp”-ით ხმოვანი შეტყობინებები გაუგზავნა, სადაც კვლავ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა“ — ვკითხულობთ საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული ქალის მიმართვის შემდეგ გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. გამოძიების ფარგლებში უწყების განცხადებით, გამოიკითხნენ მოწმეები, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, მოპოვებული იქნა ნივთიერი მტკიცებულება და ელექტრონული ინფორმაცია, რის შემდეგაც 2024 წლის 10 აპრილს, სამართალდამცავი დაკავებული იქნა ოჯახში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით.
ბრალი დამტკიცების შემთხვევაში 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.