„ოჯახი თუ იღებს სოციალური შემწეობით 500 ლარს, 700-ლარიან ხელფასს არ დათანხმდება, რადგან სოციალურ შეღავათებს კარგავს“ - ეკონომისტი
საქართველოში საშუალო ფენა ვერ იქნა და ვერ ჩამოყალიბდა, რაც ნიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდის სარგებელი ხელშესახები არ არის და ამ სიკეთით მოსახლეობის დიდი ნაწილი რეალურად ვერ სარგებლობს. ამასობაში მდიდრები უფრო მდიდრდებიან და ღარიბები საშუალო ფენაში ვერაფრით გადადიან. შესაბამისად, ეკონომიკური ზრდა ვერასდროს მოიტანს შედეგს, თუკი ცხოვრების დონე არ გაუმჯობესდება.
სწორედ ამაზე აკეთებენ აქცენტს ეკონომისტები, რომლებიც ,,ბიზნეს-რეზონანსთან" სოციალური უთანასწორობის გამომწვევ მიზეზებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მდგომარეობა კიდევ დიდხანს ვერ გამოსწორდება ქვეყანაში, თუკი მოქალაქეები ეკონომიკური ზრდის დადებითი ეფექტით ვერ ისარგებლებენ.
ფაქტობრივად, ყოველი მეხუთე ადამიანი მთავრობის დახმარების იმედადაა. სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურ შემწეობას იღებენ ისინიც კი, რომლებსაც შესაძლოა, ასეთი დახმარების საჭიროება საერთოდ არ ჰქონდეთ. როგორც ეკონომისტმა აკაკი ცომაიამ აღნიშნა, სოციალური დახმარების მიმღებთა მაღალი მაჩვენებელია დიდწილად განპირობებულია იმითაც, რომ ადამიანები როგორც სოფლად, ასევე ქალაქშიც, ფიზიკური შრომისგან მაქსიმალურად იკავებენ თავს.
,,მატერიალური დოვლათის განაწილება არაპროპორციულად მიმდინარეობს. ეკონომიკური ზრდის სარგებელი, ძირითადად, საზოგადოების მცირე ნაწილს ეხება და უმრავლესობა განზე რჩება. ამიტომ ხალხი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას ვერ ახერხებს.
ამ ეტაპზე ინფლაცია არ გვაქვს, მაგრამ როცა ინფლაციური პერიოდია ქვეყანაში, მოქალაქეების უფრო გაღარიბებულად გრძნობენ თავს. ამიტომ არ უნდა გვიკვირდეს, რომ მოსახლეობა მთავრობის მხრიდან შემწეობის ამარაა და ცდილობს სოციალური სტატუსის მიღებას, ხოლო ვისაც აქვს შემწეობა, არ უღირს, რომ მუშაობა დაიწყოს რომელიმე სექტორში, თუ გაცილებით მეტს არ აიღებს. მაგალითად, ოჯახი თუ იღებს სოციალური შემწეობით 500 ლარს, 700-ლარიან ხელფასს არ დათანხმდება, რადგან სოციალურ შეღავათებს კარგავს. არაფრის კეთებით კი ფულს იღებს. მართალია, შეუძლია ერთჯერად სამუშაოზე დასაქმდეს, არც ფულად დახმარებას დაკარგავს, მაგრამ ესეც არ უნდათ. ჩვენი მოქალაქეების უდიდეს ნაწილი მთავრობის ხელის შემყურეა და არ ცდილობს, გაექცეს შემწეობას.
საკმაოდ რთულად დგას ეს საკითხი საქართველოში. ერთადერთი გამოსავალია ხელისუფლების ცვლილება არჩევნების გზით, ეკონომიკის სიჯანსაღე, საშუალო ფენის ჩამოყალიბება და კეთილდრეობა სხვა გზით წარმოუდგენელი მეჩვენება“, - განაცხადა აკაკი ცომაიამ ,,ბიზნეს-რეზონანსთან".
ცნობილია, რომ 2023 წელს, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობამ 377 ათასი შეადგინა, ხოლო საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობამ - 122 900.
რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი რეგისტრირებული ოჯახი თბილისშია - 72 800, საიდანაც 31 900 დახმარების მიმღებია.
ვრცლად: resonancedaily.com
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.