ოცნება 6 წელზე მეტი ასაკის მანქანების იმპორტის აკრძალვას გეგმავს

ქართული ოცნების მთავრობა 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვას გეგმავს. ეს ქართული ოცნების პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე თქვა.

გადაწყვეტილება კობახიძემ იმით ახსნა, რომ საქართველოში 2 მილიონზე მეტი მანქანაა რეგისტრირებული, რაც მისივე თქმით, ერთი მხრივ, საგზაო მოძრაობის გადატვირთვას და მეორე მხრივ, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებას.
“საქართველოში, ბოლო წლების განმავლობაში ავტოსატრანსპორტო საშუალებების იმპორტი მნიშვნელოვნად გაზრდილია. 2012 წელს საქართველოში 864 000 ავტომობილი იყო რეგისტრირებული და წლევანდელი მონაცემებით, ამ მაჩვენებელმა 2 მილიონს გადააჭარბა – ხედავთ, რა მასშტაბის ზრდაზეა საუბარი. ავტომობილების რაოდენობის ასეთი ზრდა იწვევს, ერთი მხრივ, საგზაო მოძრაობის გადატვირთვას და მეორე მხრივ, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებას, შესაბამისად, ვფიქრობ, აქაც ძალიან მნიშვნელოვანი ზომების მიღებაა აუცილებელი.
ამისათვის პარლამენტში წარვადგინეთ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანაზე აკრძალვის დაწესებას, რა თქმა უნდა, მცირე გამონაკლისები გათვალისწინებული იქნება. თუმცა, ვფიქრობთ, რომ არსებითად მნიშვნელოვანია 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილები არ იყოს შემოყვანილი ქვეყანაში. ეს მნიშვნელოვანია ეკოლოგიისთვის, ადამიანის ჯანმრთელობისა და კომფორტული გადაადგილებისთვის”- თქვა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე – 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციას ჩაუტარა ჭადრაკის პარტია და თავი რომ რაღაც ეგონათ, აჩვენა, ვინ იყო ნამდვილი გროსმაისტერი – 2012 წლის შემდეგ მიიღეს კიდევ 9 დამატებითი ჭადრაკის პარტია და ასე გაგრძელდება