„ოცნება“ სააგენტოს ქმნის, რომელიც ორგანიზაციებისთვის გრანტს გასცემს

„ქართული ოცნება“ “საზოგადოებრივი ორგანიზაციების დაფინანსების” მიზეზით სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს ქმნის.
ამას „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილება ითვალისწინებს, რომელსაც „ქართული ოცნების“ პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს ბიუჯეტი 20 მილიონი ლარი იქნება და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. სააგენტოში 10-მდე პირი დასაქმდება.
„ქართული ოცნება“ ბოლო წლებია ორგანიზაციებს, რომლებიც საერთაშორისო გრანტებს იღებენ, დევნის და მათ აგენტის იარლიყს აწებებს. სწორედ ასეთი ორგანიზაციების შესაზღუდად მიიღო „ოცნებამ“ რუსული კანონი.
ახლა კი „ქართული ოცნება“ აპირებს, რომ უცხოური დაფინანსების ნაცვლად, თავად გასცეს გრანტები იმ ორგანიზაციებზე, „რომელთა საქმიანობის მიმართულებები თანხვედრაში იქნება ქვეყნის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებთან“.
„იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქართველოში საზოგადოებრივი ორგანიზაციების დაფინანსების წყაროდ მეტწილად უცხოური აქტორები გვევლინება, რომლებიც ძალაუნებურად განსაზღვრავენ აღნიშნული ორგანიზაციების საქმიანობის დღის წესრიგს, საქართველოს მთავრობის ინიციატივაა, რომ შეიქმნას საქართველოს მთავრობის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო, რომლის მიზანი იქნება საქართველოს ბიუჯეტით საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა, რომელთა საქმიანობის მიმართულებები თანხვედრაში იქნება ქვეყნის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებთან“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”