საერთაშორისო საფინანსო პლატფორმა Trading Economics-ის მონაცემებით, პარასკევს, 7 აგვისტოს ოქროს ფასმა უნციაზე 4 350 დოლარს გადააჭარბა, რაც ბოლო ორი თვის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
მათივე ცნობით, ძვირფასი ლითონის ღირებულების ზრდა რამდენიმე ძირითადი მაკროეკონომიკური და გეოპოლიტიკური ფაქტორის ერთობლიობითაა განპირობებული.
რატომ ძვირდება ოქრო?
კერძოდ, Trading Economics-ის ანგარიშში, ოქროზე ფასების მკვეთრი ზრდის 4 მთავარ მიზეზზეა საუბარი:
1. აშშ-ის შრომის ბაზრის შენელება და Fed-ის განაკვეთები
როგორც საერთაშორისო საფინანსო პლატფორმა წერს, ოქროს გაძვირების მთავარი კატალიზატორი აშშ-ის ეკონომიკიდან მიღებული სუსტი სტატისტიკური მონაცემები გახდა. ივლისში ამერიკის შრომის ბაზარზე სამუშაო ადგილების მოულოდნელი შემცირება დაფიქსირდა. ამასთანავე, შემცირდა ხელფასების ზრდის ტემპი და სამუშაო ძალის მონაწილეობის მაჩვენებელი. ამ მონაცემებმა გააქარწყლა შიში იმის შესახებ, რომ ძლიერი შრომის ბაზარი ინფლაციას წაახალისებდა. შედეგად, ბაზრის მონაწილეებს შორის მკვეთრად შემცირდა მოლოდინი, რომ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა (Fed) მიმდინარე წელს საპროცენტო განაკვეთების გაზრდას გააგრძელებს.
2. სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობის დაცემა
აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობამ (Treasury yields) იკლო, რამაც ოქროს (ზოდების) ფასი გაზარდა. ვინაიდან ოქრო ისეთი აქტივია, რომელიც პროცენტულ შემოსავალს არ იძლევა, ობლიგაციების სარგებლის დაცემამ შეამცირა მისი ფლობის ალტერნატიული დანახარჯი (opportunity cost), რამაც ინვესტორებისთვის ოქროს მიმზიდველობა გაზარდა.
3. ენერგომატარებლების გაიაფება და ირან-აშშ-ის მოლაპარაკებები
წინა სესიებთან შედარებით, ენერგომატარებლებზე ფასების ზრდის ტემპი შესუსტდა, ამან კი საერთო ინფლაციური წნეხი შეამცირა. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ჰორმუზის სრუტით ექსპორტის აღდგენის თაობაზე შეთანხმების გარშემო გაურკვევლობა კვლავ რჩება, ენერგობაზარზე ფასების ზრდის ტემპის შემცირებამ, ხელი შეუწყო ოქროზე მაღალი მოთხოვნის შენარჩუნებას.
4. ჩინელი ინვესტორების აქტიურობა და ცენტრალური ბანკები
ჩინეთში ინსტიტუციონალური ინვესტორები აქტიურად ზრდიან გრძელვადიან პოზიციებს ოქროს აქტივებში (long positions). ამის მიზეზი ტექნოლოგიური კომპანიების აქციების მერყეობისგან თავდაცვა და ფიზიკური ოქროს ბაზრის სიმყარეა. ჩინელი ინვესტორების ინტერესთან ერთად, ფიზიკურ ოქროზე გლობალურ მოთხოვნას კვლავ მყარად უჭერს მხარს ცენტრალური ბანკების მიერ ოქროს რეზერვების უწყვეტი შევსება.




