ორი მაღაროელი „მშრალ შიმშილობაზეა“, მათგან ერთი შეუძლოდ გახდა

ჭიათურაში მაღაროელები განაგრძობენ პროტესტს პატიმრობაში მყოფი თანაგუნდელების გათავისუფლების მოთხოვნით. მათგან ორი „მშრალ შიმშილობაზეა“, რაც იმას ნიშნავს, რომ საკვებთან ერთად უარი თქვეს სითხის დალევაზეც.
როგორც „მაღაროელის“ ფეისბუკგვერდი იუწყება, „მშრალ შიმშილობაზე“ მყოფი ტარიელ მიქაცაძე შეუძლოდ გახდა – მან უარი თქვა სამედიცინო დახმარების მიღებაზე.
„პროტესტმა კიდევ უფრო მკაცრი ფორმა მიიღო. მირზა ლოლაძემ, რომელსაც პირი ამოკერილი აქვს პროტესტის ნიშნად, მშრალი შიმშილობა დაიწყო. მას მთელი დღის განმავლობაში სითხე არ მიუღია, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც გაუარესდა და შაქრის დონეც დაეცა“, – აცხადებენ მაღაროელები.
ჭიათურაში მაღარო დასაქმების მთავარი ადგილია, მანგანუმის მოპოვება კი შემოსავლის მთავარი წყარო. მაღაროელები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ბოლო რამდენიმე თვეა, უწყვეტად ითხოვენ.
29 აპრილს პოლიციამ პროტესტში ჩართული ოთხი მაღაროელი დააკავა. მათ მაღაროს დირექტორზე ფიზიკურ ძალადობას ედავებიან. გიორგი ნეფარიძეს, მერაბ სარალიძეს, თენგიზ გველესიანსა და აჩიკო ჭუმბურიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) წაუყენეს. ამ დანაშაულისთვის ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.
მაღაროელებმა თანამებრძოლების გათავისუფლების მოთხოვნით პროტესტი 126 დღის წინ დაიწყეს, მათ შორის ბოლო 15 დღის განმავლობაში მათი ნაწილი შიმშილობს.
ოთხივე მაღაროელს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული, მორიგი სასამართლო სხდომა 17 ივლისს გაიმართება.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო-ძლიერი საქართველო“ – “ქართულ ოცნებას” მოუწევს გაიაზროს, რომ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსის უკანონო პატიმრობის პირობებში სრული პასუხისმგებლობა ელენე ხოშტარიას სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე მათ ეკისრებათ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩემთვის და მიშასთვისაც იდეალური იქნებოდა თინა ბოკუჩავას თავჯდომარეობით „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი ინტეგრაცია – ამ პარტიაში ჩემს თავს მენეჯერად განვიხილავ, იქნებ თავჯდომარე ასეთიც შეიძლება იყოს